სახელმწიფო ზუნვის სააგენტო ეხმაურება ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს. უწყების ცნობით, ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული ბავშვები 2018 წლიდან – ჩვილობის ასაკიდან- ოჯახისგან იყვნენ განცალკევებული. თუმცა 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს.
“ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.
რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი მტკიცებით, “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა”. კონკრეტულად, ისინი იღებდნენ სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრულ შემწეობას, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების ოჯახში დაბრუნების შემდეგ კი, რეინტეგრაციის ანაზღაურებას.
“აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს”, – განმარტავენ სააგენტოში და აზუსტებენ, რომ არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაშიც.
ზრუნვის სააგენტოში ამბობენ იმასაც, რომ სოციალური მუშაკი პერმანენტულად, კანონით განსაზღვრულ ვადებში მიდიოდა ოჯახში მდგომარეობის შესაფასებლად.
მომხდარის შემდეგ კითხვები დაისვა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მიმართ. ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერება. განსაკუთრებით, როცა იქ არასრულწლოვანებიც ცხოვრობენ.
“ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით”, – წერს ლომჯარია.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას დეპუტატი ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, სოციალური პოლიტიკის გამართული მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია რისკების პრევენცია.
“დღეს რომ ასეთი ამბავი მოხდა, რას აპირებს სახელმწიფო? არ აპირებს, რომ ცვლილებები დააინიციროს ახლა მაინც, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს, დენის გადაუხდელობის გამო არ უჭრიდნენ დენს? […]ეს [რომ დენი ჩაუჭრეს] ხომ დადასტურებულია ფაქტია, არა?! კონკრეტულად ხანძარი რამ გამოიწვია [გამოძიების საკითხია] და შეიძლება დაიდოს დასკვნა, რომ სხვა რამემ გამოიწვია, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, მოქალაქეებისთვის, დღეს, 21-ე საუკუნეში, მისაღები ფაქტია? სად არის ამაზე ხელისუფლების პასუხი?
რას აპირებენ, ამ სისტემით აპირებენ გააგრძელონ ურთიერთობა სოციალურად დაუცველ ადამიანებთან? ან სად არის მათი ეკონომიკური პროგრამა, მარტოხელა დედას რომ არ უწევდეს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა? ამაზე, ამ ტიპის საკითხებზე ისინი ხომ არასდროს არ ლაპარაკობენ?! იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა TV პირველის ეთერში.
გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ბავშვი,ტყუპი ძმები, გარდაიცვალა. შემთხვევის დროს სახლში კიდევ ორი არასრულწლოვანი, მათი და-ძმა – 10 და 11 წლის მოზარდები იმყოფებოდნენ. მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სანთელმა გამოიწვია. ხანძრის დროს სახლში მშობლები არ იმყოფებოდნენ, ისინი თხილის კრეფაზე მუშაობდნენ.