„აი, ფაქტი”, OCCRP, iStories (რუსეთი), GMC, სტუდია მონიტორი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებენ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების ყიდვა, მათ შორის უახლესი შენაძენი 2024 წლით თარიღდება. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა.
ჟურნალისტური გამოძიების მასალებით, ივანიშვილების ოჯახი მოსკოვში რეზიდენციებს და მიწის ნაკვეთებს ფლობს. საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით. ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილი უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.
„აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი — გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9 000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი) და ამ გზით შემოსავალს იღებს. თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი: „ვითიბი ბანკი“ და „სბერბანკი“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
ოდინცოვოს რეზიდენცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მოსკოვის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ გარეუბანში, ოდინცოვოს რაიონის დასახლება იზმალკოვოში უძრავი ქონების დაგროვება ჯერ კიდევ 1997-98 წლებში დაიწყო. დღემდე ცნობილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე რეგისტრირებული იყო 12,107 კვ.მ. საერთო ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.
ამ გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეკა ხვედელიძემ 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9,070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით; ხოლოს ულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4,500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.
„საინტერესოა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციის და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უჩა მამაცაშვილის განსაკუთრებულ სიახლოვეს ივანიშვილების ოჯახთან. უჩა მამაცაშვილი 2023 წლის გაზაფხულამდე საერთო რუსულ ბიზნესს ფლობდა აშშ-ის მიერ სანქცირებულ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ გენერალ გეორგი პოლტავჩენკოსთან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციის ნაწილს ივანიშვილების ოჯახი რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ საშუალებით ფლობს. საუბარია რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე კიდევ 3 მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 27,072 კვ.მ., რომლებიც კომპანიის საკუთრებად 2012-2013 წლებში დარეგისტრირდა. თავად შპს „აკვა-სფეისს“ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის (Vanity Overseas Limited) გავლით ფლობს. შპს „აკვა-სფეისის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები იქვე მდებარე ტბის გარშემოა განლაგებული“, — ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
სოკოლის რეზიდენცია
ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის თანასაკუთრებაშია კიდევ ერთი რეზიდენცია პრესტიჟულ ე.წ. „მხატვრების სოფელში“ სავრასოვას ქუჩაზე. სახლის თანამესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი. 2001 წელს შეძენილი 614,5 კვ.მ. ფართობის სამ-სართულიანი რეზიდენცია ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახული აქვს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანიშვილების ოჯახის სოკოლის რეზიდენციის მოვლასა და გაქირავებას უზრუნველყოფს შპს „აკვა-სფეისი“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში ბიზნესს, შპს „აკვა სფეისს“, ინარჩუნებდა, თუმცა მაშინ არ იყო ცნობილი, რას საქმიანობდა ეს კომპანია. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და გაქირავებაა.
ამჟამად ივანიშვილების ოჯახს სახლი გაქირავებული აქვს ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი), საიდანაც ყოველ თვე 9,000 აშშ დოლარ შემოსავალს იღებს, ამ შემოსავლის უმეტეს ნაწილს შპს „აკვა-სფეისი“ ურიცხავს პირადად ეკატერინე ხვედელიძეს.
„ამ გზით ეკატერინე ხვედელიძემ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 94,000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. თავის მხრივ, შპს „აკვა-სფეისმა“ 2023 წელს, ჯამში, 71 მილიონი რუბლის (დაახლოებით $800,000) წმინდა მოგება ნახა. ქირიდან მიღებული შემოსავლის გარდა, კომპანია იღებს პროცენტს მის მიერ „სბერბანკში“ ყოველთვიურად მრავალმილიონიანი (რუბლი) მოკლევადიანი დეპოზიტების განთავსებით. აღსანიშნავია, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „აკვა-სფეისს“, ისე ეკატერინე ხვედელიძეს საბანკო ანგარიშები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებში აქვთ. ხვედელიძეს ანგარიში „ვითიბი ბანკში“ აქვს, ხოლო შპს „აკვა-სფეისს“ – სბერბანკში“, — ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის დაპირება რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ, რასაც დღემდე აჟღერებენ მმართველი პარტიის პირველი პირები, ტყუილი იყო. კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, მისი ოჯახი მოსკოვური ქონების გაფართოებითაა დაკავებული“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
„ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) სტატია „აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. პრესსამსახურის ცნობით, 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში არ გამგზავრებულა.
„დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს — არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური მოუწოდებს სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე დამფინანსებელ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან.