პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს პროკურატურისადმი ან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
„შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული“, — განაცხადა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებას“ დაანონსებული აქვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივი შეფასება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც თვითონ მოსარჩელე იქნება.
„რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ახლა, ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი — წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის უაღრესად პრინციპული იყო გამარჯვება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, ეს პროცესები საქართველომ და ქართულმა ჯარმა მოიგო. ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი“, — განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ ამ პოზიციას ეთანხმება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი.
„ნაცმოძრაობის“ გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუცია №1633 წლებია, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ, ყოფილი ხელისუფლების “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში” დასადანაშაულებლად. რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვეში მიღებულ რეზოლუციას მოქმედი ხელისუფლება პერიოდულად უბრუნდება პოლიტიკურ დისკუსიებში და საქართველოს დელეგაციის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერას ღალატად აფასებს.
რეზოლუციით ასამბლეამ დაგმო ომის დაწყება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის, შედეგი კი-რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევად და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად შეაფასა. რეზოლუციის თანახმად, ესკალაცია, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით გადავიდა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე.
ასამბლეამ მიუთითა, რომ ვინაიდან ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, “ისინი უნდა იქნას დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ”. ამასთან, ეს გამოძიება არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ომის დაწყებით, არამედ ყურადღება გაემახვილებინა წინარე წლებზეც.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.