ნეტგაზეთი | საია სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებზე საია სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებზე – Netgazeti
RU | GE  

საია სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, რეგლამენტის დარღვევით, მხოლოდ ორი მოსმენით მიიღო ახალი სისხლის სამართლის კოდექსი.

”რითიც საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.”

საია აცხადებს, რომ პარლამენტში გადაგზავნილი ცვლილებების პაკეტი  დანტერესებული პირთათვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი.

საია ასევე აცხადებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გაუარესებულია ბრალდებულის მდგომარეობა.

მაგალითად, ცვლილებების განხორციელებამდე ბრალდებულის აღიარება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, განხორციელებული ცვლილებების მიხედვით კი, პირის მსჯავრდება, აღიარების გარდა, მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ განხორციელებული ცვლილებები ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის მიღებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობას ერთით ამცირებს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით განხორციელდა”,-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერ გაასაჩივრებს  ამ ცვლილებებს , რადგან აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი