ახალი ამბები

„პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამათავისუფლეს“ – პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი

7 აგვისტო, 2024 •
„პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამათავისუფლეს“ – პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი

პროფესიული უნარების სააგენტოს აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, სტუდენტური სერვისების სპეციალისტი, კლეოპატრა ქარუმაშვილი, სააგენტოდან მისი გათავისუფლების შესახებ ჰყვება, რასაც უკავშირებს პოლიტიკურ მოტივსა და ხელისუფლებისთვის მიუღებელი კრიტიკული პოზიციების ქონას, ასევე, სხვათა კრიტიკული ტექსტების მოწონებას.

ამის შესახებ კლეოპატრა ქარუმაშვილმა სოციალური ქსელში პირად გვერდზე დაწერა.

„ერთი თვის წინ პროფესიული უნარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა თავს უფლება მისცა და “მირჩია” თანამდებობის დატოვება. საუბრის დროს ახსენა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, სააგენტოს “რეორგანიზაციის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, სოციალურ ქსელში გაზიარებული კრიტიკული პოლიტიკური პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები.

ასევე ახსენა, რომ აფასებს ჩემს დამოკიდებულებას და ერთგულებას საქმის მიმართ, მაგრამ ორგანიზაციაში სჭირდება სრული ერთგულება და იმის მიუხედავად, რომ “საქმეს ვუკეთებ”, ეს არ არის საკმარისი. ნამდვილად არ მომწონდა და არ მომწონს სააგენტოში მიმდინარე უსამართლო და უადგილო ცვლილებები, არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, და ღიად ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებებს“, — წერს ქარუმაშვილი.

კლეოპატრა ქარუმაშვილი გასულ თვეებში აქტიური მონაწილე იყო აქციების, რომელიც რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული და სოციალური ქსელებითაც კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ.

როგორც სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, მან საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლაზე უარი თქვა. უარის თქმის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო გზით შევეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას! იმისთვის, რომ მეტჯერ ვეღარ გაბედონ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, უფლებების დარღვევა და საჯარო სექტორის/საბიუჯეტო ორგანიზაციების იმიჯის შელახვა“, — ამბობს სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.

კლეოპატრა ქარუმაშვილი პროფესიული უნარების სააგენტოში 2022 წლიდან მუშაობდა. როგორც აღნიშნავს, მის გათავისუფლებას, 2024 წლის მარტში, წინ უძღოდა სააგენტოს არჩეული ხელმძღვანელის, თამარ ქიტიაშვილის განათლების მინისტრის ბრძანებით გათავისუფლება, რასაც მენეჯმენტის მხრიდან სააგენტოს დატოვებაც მოჰყვა.

იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა”, — როგორც ქარუმაშვილი აღნიშნავს, ეს არის სააგენტოს დირექტორის გათავისუფლების მიზეზი მინისტრის ბრძანებიდან. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სააგენტოს პროგრამა და განხორციელების მექანიზმები სამეთვალყურეო საბჭოსთან თანხმდება, რომლის წევრიც არის განათლების სამინისტრო.

პროფესიული უნარების სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა, რადგანაც სააგენტო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, მაგრამ ცალკე სუბიექტია, „ტექნიკურად როგორ და რა ნიშნით მოხდა თანამშრომლის გათავისუფლება“, მათ ინფორმაცია არ აქვთ.

პროფესიული უნარების სააგენტო, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ნეტგაზეთთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი