სუპერმარკეტები- სპარი, იოლი, კალათა, დეილი და გვირილა ერთ ჰოლდინგში ერთიანდებიან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ორი თანხმობა გასცა, რომელთაგან ერთი ეხება შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ მიერ შპს „დეილის“ 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე – შპს „დეილის“ მიერ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.
სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული ცვლილებები ბაზარზე მონოპოლიურ რისკებს არ ქმნის და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ეკონომიკური გარემოს კონკურენტულობის დონის შესაფასებლად ჰერფინდალ-ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი გამოიყენება, რომელიც ზომავს ბაზარზე მოქმედი მიმწოდებლების წილს მათ ინდუსტრიაში და ინდიკატორია მათ შორის არსებული კონკურენციის მასშტაბის. ინდექსი ძირითადად გამოიყენება სწორედ იმის შესაფასებლად, როგორ იმოქმედებს კომპანიების შერწყმა ბაზარზე, სადაც ისინი ოპერირებენ.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენდა 399-ს, ხოლო კომპანიების შერწყმის შედეგად ეს მაჩვენებელი 445 ერთეულამდე იზრდება, რაზე დაყრდნობითაც ამბობს სააგენტო, რომ ინდექსის ცვლილება 46 ერთეულით ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს.
„ფუდმარტი“ ერთ-ერთ უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს მაღაზიების ბრენდებს, სადისტრიბუციო ქსელს. ბაზარზე ის წარმოდგენილია „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ ბრენდებით, რომელთა ფილიალების რაოდენობაც საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტია.
შპს „დეილი“, რომელმაც „ფუდმარტი“ შეიძინა, აერთიანებს სუპერმარკეტების ქსელს „დეილი“, 200-ზე მეტი ფილიალით საქართველოს შვიდ რეგიონში. გარდა ამისა, შპს „დეილი“ ფლობს შპს „გვირილა რითეილის“ 60%-ს.
შპს. „ჰოლდინგ.ჯი“ კი, რომელმაც „დეილის“ 30% შეიძინა, „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის მფლობელია.