ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის განმარტება რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

23 ნოემბერი, 2015 • • 1169
პაატა ბურჭულაძის განმარტება რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
“მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.


საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.


მიმაჩნია, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს”, – აცხადებს ბურჭულაძე.


 

“პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირველად საუბრობს პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის- მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებსა და რუსეთზე.


“რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია’, – განაცხადა ბურჭულაძემ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში გუშინ, 22 ნოემბერს გავიდა.


 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი