ახალი ამბები

პარტიზანი მებაღეების ცნობით, პანორამის პროექტის გამო ხეებს ჭრიან

23 ნოემბერი, 2015 •
პარტიზანი მებაღეების ცნობით, პანორამის პროექტის გამო ხეებს ჭრიან

“პარტიზანების” ცნობითვე ,”პანორამა-თბილისის” მისასვლელი გზისთვის 30 მეტრი სიგანეზე 600 საღი ხის მოჭრა 20 ნოემბერს დაიწყეს. 


საღი ხეების ჭრის წინააღმდეგ აქცია 28 ნოემბერს თბილისის მერიასთან დაიგეგმა. 


ხეების მოჭრასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ დღეს, სავარაუდოდ, კომენტარი არ გაკეთდება. 


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ “თბილისი-პანორამის” აშენებამდე მერია ალტერნატიულ გზას გაიყვანს, რომელიც ორთაჭალასა და შინდისს დააკავშირებს. 

 
“ის, რაც ერთ-ერთ საკითხად ისმება, რომ თითქოს “პანორამა-თბილისის” აშენების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო გაიჭედება ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში, ჩვენ ამაზე პასუხი გვაქვს, უკვე მზად არის და პროექტირება გამოცხადდება ალტერნატიული გზის. ალტერნატიული გზა აშენდება, სადაც გადაერთვება მოძრაობა დამატებით, იქნება ორთაჭალიდან შინდისამდე მიმავალი გზა, ოთხნახევარკილომეტრიანი გზა, რომლის აშენებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს, ვიდრე დასრულდება “თბილისი-პანორამის” პროექტი”, – განაცხადა მაშინ ნარმანიამ.
 

სოლოლაკის ქედზე “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით შენდება სასტუმრო, რომელიც არის პროექტ “პანორამა-თბილისის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიპროექტი „პანორამა თბილისი“  4 მრავალფუნქციური კომპლექსია (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით. ორგანიზატორების თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში კი დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი