ახალი ამბები

პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთავარი მიზანი

12 ოქტომბერი, 2010 • • 1200
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთავარი მიზანი

ქართული პარტია, ქართულია იდეით – ასე გააცნო საზოგადოებას დღეს თავი შერატონ მეტეხში შეკრებილმა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ.

სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩელაძემ, ეროსი კიწმარიშვილმა და კოკა გუნცაძემ დღეს  მედიასთან და მოწვეულ სტუმრებთან ახალი პარტიის ახალ მიზნებზე ისაუბრეს. აქვე ითქვა, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

მთავარი კითხვები, რომლებიც ჟურნალისტების მიერ არაეთხელ დაისვა, პარტიის ფინანსებსა და ტელეკომპანია მაესტროსთან ეროსი კიწმარიშვილის კავშირს უკავშირდებოდა.

პარტიის დაფინანსებაზე  ლევან გაჩეჩილაძემ და შემდეგ უკვე ეროსი კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს მოკლედ და მოჭრილად გასცეს პასუხი. ”ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და კანონის ფარგლებში”,-განაცხადა ორივემ.

რაც შეეხება ტელეკომპანია მაესტროსთან კიწმარიშვილის კავშირს, ამ უკანასკნელის პასუხიც ლაკონური იყო. მან ჟურნალისტებს ხელით ანიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ მან ჯერ კიდევ 6 თვის წინ გაწყვიტა კავშირი  მაესტროსთან.

პრესკონფერენციაზე მხოლოდ ორი ადამიანი გამოვიდა სიტყვით– ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი. სუბარმა პოლიტიკური ტექსტი მოამზადა, მე ემოციური- ამ სიტყვებით დაიწყო  გაჩეჩილაძემ თავისი გამოსვლა.

ირაკლი ოქრუაშვილი- გაბედული, ეროსი კიწმარიშვილი – თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროპაგანდაში გამოცდილი, სოზარ სუბარი – ადამიანების უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით გამოცდილი, კოკა გუნცაძე – პოლიტიკური მენეჯმენტის მცოდნე – ასე დაახასიათა ლევან გაჩეჩილაძემ ქართული პარტიის ლიდერები.

პარტიის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა. თუმცა, როგორ და რა ფორმით, შეხვედრაზე არ გაცხადებულა. ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ბრძოლის ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული. ასევე ითქვა, რომ პარტია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალსა და მიმდინარე პროცესებზე.

”საჭიროა ცენტრალიზებული და დისციპლინირებული ძალა, ვინც შექმნის ისეთ ჯარს, რომელიც ამ ძალადობას დაუპირისპირდება”, –  თქვა ლევან გაჩეჩილაძემ – ”გამოსავალი არის ერთი, ჩვენ დაწყებული ბრძოლა უნდ გავაგრძელოთ”.

მიზნები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული პარტიის მიერ იქნება განხორციელებული, დღესვე გახდა ცნობილი. სახელდება რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, რომელსაც პარტია განახორციელებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პარტიის მიზანი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა, პრიორიტეტი – ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია. პარტია აფხაზეთთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას გეგმავს. გარდა ამისა, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ქართული პარტიის მიზანი – დამოუკიდებელი სასამართლოს, ეფექტური აღმასრულებელი ხელილსუფლებისა და ძლიერი პარლამენტის შექმნა იქნება, ასევე მედიის გათავისუფლება ზეწოლისგან და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზება.

პარტია 22 ნოემბერს დამფუძნებელ ყრილობას გამართავს, მანამდე კი საზოგადოებასთან შუალედურ შეხვედრევს გეგმავს.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, მოწვეული სტუმრის სტატუსით რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყო. მათ შორის, გია ყარყარაშვილი,  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ნათია ლაზაშვილი, რუსთავი2-ის ყოფილი ჟურნალისტი, მწერალი დათო მაღრაძე. ასევე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მომღერალი უცნობი, გოგა ხაინდრავა და სხვები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი