მოკრივე ლაშა გურულმა პირველი კომენტარი გააკეთა კუბელ ალვარეს ბორხესთან ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც ქართველი მოკრივე დამარცხდა, თუმცა მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც შეძლო.
ლაშა გურული ამბობს, რომ მასზე მეტად არავის სურდა ამ ბრძოლაში გამარჯვება და დარწმუნებულია, რომ გულშემატკივარი მას სწორად გაუგებს.
“კუბური სკოლა და მომზადება სულ სხვა დონეზეა… არც ჩვენ ვიყავით ნაკლები, მაგრამ ეს არის ოლიმპიური კრივი, სადაც ბევრი ბრძოლა გიწევს ერთმანეთთან შეხვედრამდე. პირველ მატჩში რომ შევხვედროდი მას, შეიძლება სხვანაირად დასრულებულიყო, რადგან ჩემი წინა მეტოქე ძალიან უხეში იყო, თავით გამიხეთქა ტუჩები, წარბები და ძალზედ დაზიანებული ვიყავი. ასევე სხვა ტრავმებიც, რაზედაც ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, გახეული მაქვს ორივე წარბი, მხედველობა რთული იყო, თავის ტკივილები [მქონდა] და რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე.
ეს სპორტია, შეიძლება იმ დღეს ის შენზე უკეთესი იყოს. მადლობას ვუხდი უფალს. მე დავტკბი ამ ოლიმპიური თამაშებით, სიამოვნება მივიღე და ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა ოქრო. მე რაც ვიშრომე, ჩემზე მეტს ჩემი გულშემატკივარი ვერ იშრომებდა, ამიტომ დარწმუნებული, ვარ, რომ ადეკვატურ გულშემატკივარს, და უმრავლესობა ასეთია, ჩემი ნამდვილად ესმის.
მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩემ ოჯახს და გულშემატკივარს. მომავალში ვეცდები გავაუმჯობესო [შედეგი]”, – თქვა ლაშა გურულმა პირველ არხთან.
საქართველოს ოლიმპიადაზე ამ დროისთვის მოპოვებული აქვს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ბრინჯაოს გარდა ყველა სხვა მედალი ძიუდოზე მოდის.