ახალი ამბები

შსს: 14 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა

24 ნოემბერი, 2015 •
შსს: 14 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახდენენ მგზავრებთან დეტალურ გასაუბრებას და მათი ვიზიტის ნამდვილი მოტივაციის გამოვლენას. განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ. ზემოხსენებული პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება”, – აცხადებს შსს.

 

უწყების ცნობით, 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა.

 

“შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მიზნით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება”, – ნათქვამია სამინისტრის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი