ახალი ამბები

წულუკიანი: ჩემთვის სასურველი პროკურორობის კანდიდატი არ დამისახელებია

19 ნოემბერი, 2015 • • 1115
წულუკიანი: ჩემთვის სასურველი პროკურორობის კანდიდატი არ დამისახელებია

“მე მყავდა, ღიად გეტყვით, ჩემთვის სასურველი კანდიდატებიც, რომლებიც შეიძლება ამ სამპირიან სიაში ჩამესვა და ამას არ მიკრძალავს კანონი. მაგრამ მე ჩემს თავს ამის უფლება არ მივეცი და სამივე კანდიდატი, რომელიც წარვადგინე საბჭოს წინაშე, იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ის კანდიდატები, ვინც მე შემომთავაზეს უნივერსიტეტებმა და სამოქალაქო სექტორმა. მე ერთპიროვნულად შემეძლო, მაგრამ არ დამისახელებია კანდიდატები.”

 

მინისტრის განცხადებით, ეს მიდგომა უფრო სწორი იყო პროცესისთვის. რუსთავი 2-ის შეკითხვაზე, თუ რა პრინციპით შეარჩია ნანა რევაზიშვილი, მინისტრმა უპასუხა:

 

“ნანა რევაზიშვილის გამოცდილება არის უნიკალური გამოცდილება იმიტომ, რომ მას მინიმუმ 12-წლიანი პროკურორობის გამოცდილება აქვს და მისი დადებითი, თუ რატომ შევიყვანე ამ სიაში, არ იყო მხოლოდ ის, რომ პროკურორი მრავალწლიანი გამოცდილების და პროკურორი ქალია. არა, მისი დადებითი ასევე იყო ის, რომ იმ ტოტალური უსამართლობის პირობებში, როდესაც ის უკანონო განაჩენებით ხალხი გვყავდა ციხეში, ქალბატონი ნანა იყო ის ადვოკატი იმათ შორის, ვინც მაინც შედიოდა ციხეში, მაინც იცავდა პატიმრებს. მე მას ეს სხვა ღირსებებთან ერთად ჩავუთვალე, რომ მისი ძლიერი მხარეა. არც ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შემოწმდა და არ არის ნასამართლევი.”

 

 

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის კანდიდატებად წარადაგინა – ირაკლი შოთაძე (რომელიც ამჟამად არის მთავარი პროკურორის მოადგილე და წარადგინეს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ და „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“), ვლადიმერ გაბრიჩიძე (ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა) და ნანა რევაზიშვილი (“ქალთა თანადგომამ”; მედიაკავშირმა ობიექტივმა და პროფესორებმა წარადგინეს).

 

 

 

ამ სამიდან დღეს საბჭომ ერთი კანდიდატი – ირაკლი შოთაძე აირჩია, რომლის კანდიდატურასაც იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. შოთაძემ 13 ხმა მიიღო, რევზიშვილმა კი – 1, გაბრიჩიძემ – ვერც ერთი.

 

თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობს, 19.11.2015
თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობს, 19.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი