ახალი ამბები

მთავარი პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე აირჩია

19 ნოემბერი, 2015 • • 2142
მთავარი პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე აირჩია

ხმის მიცემის პროცედურას ამ სამი კანდიდატიდან მხოლოდ ვლადიმერ გაბრიჩიძე დაესწრო. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან მედიასთან კომენტარიც გააკეთა.


“ყველამ უნდა ვისწავლოთ ღირსეული დამარცხება და ღირსეული გამარჯვებაც. მე მინდა საქართველოს მთავარ პროკურატურას მივულოცო პირველი არჩეული მთავარი პროკურორი. ვინმეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს ან შედეგები, ან მიმდინარეობა ამ პროცესის, ფაქტია, რომ არჩევნები შედგა. პროკურორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროკურატურის წინაშე არსებულ ამოცანებს უფრო ადვილად გადაწყვეტს ბატონი ირაკლი შოთაძე. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას,”– განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ და ირაკლი შოთაძეს გამარჯვება მიულოცა. 


იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატებად წარდგენილი იყო – ირაკლი შოთაძე (რომელიც ამჟამად არის მთავარი პროკურორის მოადგილე და წარადგინეს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ და „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“), ვლადიმერ გაბრიჩიძე (ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა) და ნანა რევაზიშვილი (“ქალთა თანადგომამ”; მედიაკავშირმა ობიექტივმა და პროფესორებმა წარადგინეს).

მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევნები
მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევნები

 

 

ამ სამიდან დღეს საბჭომ ერთი კანდიდატი აირჩია ხმათა 2/3-ით. საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ანუ ირაკლი შოთაძეს იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

 


ირაკლი შოთაძის ბიოგრაფია


დაიბადა 1983 წელს.


2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.


2013 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს.


ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:


07.03.2006 – 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;


03.04.2006 – 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად;


02.06.2006 – 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;


04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;


28.07.2009 – 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.


2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:


10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ;


05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;


14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.


ირაკლი შოთაძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ- ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით.


ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.


ჰყავს მეუღლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი