ახალი ამბები

ცისკარიშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის შენარჩუნებისთვის მთავრობა ძვირიან ვალებს იღებს

19 ნოემბერი, 2015 • • 1321
ცისკარიშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის შენარჩუნებისთვის მთავრობა ძვირიან ვალებს იღებს

“მე მინდა გესაუბროთ  ფისკალურ პოლიტიკაზე, მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ პარამეტრებზე, რომლითაც, ერთი შეხედვით, მთავრობა თავს იწონებს და გვეუბნება, რომ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, ხოლო მეორე ხელით მიდიან და ჩვენი ქართული კომერციული ბანკებიდან იღებენ ვალებს. ბოლო ორ-სამ კვირაში დაიმატეს 30 მილიონი ლარის სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ  მთლიანად ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი შიდა ვალები მილიარდ 700 მილიონს აღმატება. რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრე ცისკარიშვილმა.

 

მისივე თქმით, ეს ვალები არის უაღრესად ძვირიანი.

 

“ბოლო, გუშინ აღებული სესხი არის 14%-ზე  მეტი. გასაგებია, რომ ლარს უკვე აღარ ენდობა არც ქართული ბანკები, აღარც ხელისუფლება, რასაკვირველია, აღარც ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ მაინც ასეთი ტიპის ვალების აღება 14%- 15%-ში არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემდეგი 2 წლის განმავლობაში. თუ ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებენ, მაშინ რაღაში ჭირდებათ ძვირიანი ვალის აღება ქართული ბანკებიდან?” – აცხადებს დეპუტატი.

 

ცისკარიშვილის თქმით, სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი არის გაუფასურებული და აქედან გამომდინარე, მთავრობას უადვილდება ბიუჯეტის შესრულება, მაინც არ ყოფნის ფული განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.

 

“იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნებული იქნეს, ჩვენი ქვეყანა იღებს ვალებს, სესხებს, შემდეგ კი ძალიან ძვირი უჯდება ამის გასტუმრება. აი, ამით აფინანსებენ თავიანთ პოპულისტურ პროგრამებს, რომ როგორმე არჩევნებამდე თავი მიიტანონ. ესენი დროზე თუ არ გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, ჩვენ ჩაგვაფლობენ ისეთ ღრმა ჭაობში, ისეთ ჩიხში შეიყვანენ ჩვენს ეკონომიკას, რომ იქიდან გამოსვლა იქნება შეუძლებელი”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი
პეტრე ცისკარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი