ახალი ამბები

გაბრიჩიძე: ვერ დავეთანხმები ქალბატონ თეას, რომ ჩემი მინუსია, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია

19 ნოემბერი, 2015 • • 2096
გაბრიჩიძე: ვერ დავეთანხმები ქალბატონ თეას, რომ ჩემი მინუსია, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია

“პირდაპირ ვამბობ, ყველაფერი არის შესაცვლელი, გარდა იმ საშტატო ერთეულისა, იმ თანამშრომლებისა, რომლებიც იქ მუშაობენ. მე პირადად გუშინვე ვთქვი და ყოველთვის ვამბობდი, რომ წინააღმდეგი ვარ გუნდური პრინციპის, რაღაც მისვლის და მოსვლის, მიმაჩნია, რომ არ არის საქართველოში იმდენი კვალიფიციური იურისტი, რომ ასე ხელაღებით ყველა ვცვალოთ. მიმაჩნია, რომ იმ კონტიგენტით შეიძლება ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ, უნდა კარგი ორგანიზება.”

ვლადიმერ გაბრიჩიძე
ვლადიმერ გაბრიჩიძე

თეა წულუკიანმა 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ წარდგინებაში, რომლითაც საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი წარუდგინა, ვლადიმერ გაბრიჩიძის სუსტ მხარედ ამ კონკრეტული თანამდებობისთვის მიუთითა ის ფაქტი, რომ მას არასდროს უმუშავია პროკურატურის ორგანოებში. გაბრიჩიძე ამას არ ეთანხმება:


“მე ვარ მოქმედი ადვოკატი, რომელსაც ბარიერის ორივე მხარეს აქვს გამოცდილება მიღებული, 10 წელი გამომძიებელი ვიყავი, შემდეგ უკვე 10 წელი საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ჩემთვის ცნობილია ორივე მხარე, დადებითიც და უარყოფითიც, პროკურატურაში. ვერ დავეთანხმები ქალბატონ თეას, რომ ჩემი მინუსია, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია, ვინაიდან მთელი ამ 20 წლის მანძილზე შეხება მქონდა პროკურატურასთან. გარედანაც ვიცი, რაც არის, და შიგნიდანაც ვიცი, რა ინფორმაციები ტრიალებს და როგორც მიმდინარეობს საქმეების გამოძიება, და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველაფერი არის გამოსასწორებელი.”


მან კონკურენტ ირაკლი შოთაძეზეც ისაუბრა, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში კი 8 პროკურორი შედის.


“ეს 8 პროკურორი აირჩია პროკურორთა კონფერენციამ. ის, რომ ამითი ვთქვათ, რომ ბატონ ირაკლის გარკვეული უპირატესობა აქვს, არ არის ასე ცალსახად სათქმელი. რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი სისტემის ნაწილია და ხელმძღვანელი პირია და გარკვეული უპირატესობა აქვს. მაგრამ ის, რომ ეს გაადაწყვეტილი არის, ნამდვილად არ არის ასე,”- აღნიშნა მან.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

თავად ირაკლი შოთაძეს დღეს, სხდომის დაწყებამდე, კომენტარი არ გაუკეთებია მედიის წინაშე. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ასევე უკომენტაროდ შევიდა მთავარი პროკურორობის კიდევ ერთი კანდიდატი ნანა რევაზიშვილი.

ნანა რევაზიშვილი
ნანა რევაზიშვილი

ამ სამიდან დღეს საბჭომ ერთი კანდიდატი უნდა აირჩიოს ხმათა 2/3-ით. ხმის მიცემა 13:00 საათზე დაიწყება. საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი