ახალი ამბები

მთავარი პროკურორის კანდიდატის ასარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

19 ნოემბერი, 2015 • • 1018
მთავარი პროკურორის კანდიდატის ასარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საბჭოს სხდომა მედიისთვის დახურულია. სხდომის დაწყებამდე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა:

 

“მე მექნება ძალიან კრიტიკული კითხვები და ძალიან სერიოზული მოთხოვნები თითოეულ მათგანთან. მათი ხედვები და პროგრამა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ წარმოუდგენია თითოეულ მათგანს პროკურატურის განვითარება. ზოგადად სისტემური რეფორმაა ჩასატარებელი, არის ძალიან სერიოზული პრობლემები კადრებთან მიმართებით. მე მოვისმენ აუცილებლად მათ პოზიციას.”

 

 

საპროკურორო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, პარლამენტარმა ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კითხვები სამივე კანდიდატთან ექნება. ასევე მან იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც იხელმძღვანელებს:

 

 

“ალბათ მაინც განმსაზღვრელი უნდა იყოს გარდა იმ აუცილებელი კრიტერიუმებისა, რომელიც ჩვენ კანონში ჩავწერეთ- გამოცდილება, კვალიფიკაცია, პრიფესიონალიზმი, სანდოობა, პროკურატურის სისტემის ცოდნა და ხედვა.”

 

 

შეკითხვაზე, ამ კრიტერიუმების მიხედვით, მიენიჭება თუ არა უპირატესობა ირაკლი შოთაძეს, ბესელია ამბობს, რომ უპირატესობა საბოლოო კენჭისყრის დროს გამოჩნდება:

 

 

“თუმცა მას აქვს, ბუნებრივია, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება. ის ადრეც მუშაობდა ამ სისტემაში და ბოლო პერიოდი ყველაზე მეტად არის დაკავშირებული პროკურატურის საქმიანობასთან,”- განაცხადა მან.

 

იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატებად წარდგენილია – ირაკლი შოთაძე (რომელიც ამჟამად არის მთავარი პროკურორის მოადგილე და წარადგინეს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ და „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“), ვლადიმერ გაბრიჩიძე (ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა) და ნანა რევაზიშვილი (“ქალთა თანადგომამ”; მედიაკავშირმა ობიექტივმა და პროფესორებმა წარადგინეს).

 

ამ სამიდან დღეს საბჭომ ერთი კანდიდატი უნდა აირჩიოს ხმათა 2/3-ით. ხმის მიცემა 13:00 საათზე დაიწყება. საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

საპროკურორო საბჭოს სხდომა, 19.11.2015, ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
საპროკურორო საბჭოს სხდომა, 19.11.2015, ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი