მოსკოვში მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა უწოდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობას.
„ეს ყველაფერი კარგი არ არის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა და ეს დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა.
რუსეთმა გაეროში დაგმო გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. ამავდროულად, განაცხადა, რომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა ღაზის სექტორში საცხოვრებელი უბნების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და მოუწოდებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ. ჰანიამ განაცხადა, რომ სურს, მომავალში რუსეთი ღაზის სექტორის უსაფრთხოების გარანტორად იხილოს.
წუხელ ირანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. ჰანია თეირანის ჩრდილოეთში, ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, სადაც სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ჰამასი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია