ახალი ამბები

ევროკავშირი პოლიტიკურ ძალებს თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

17 ნოემბერი, 2015 • • 1140
ევროკავშირი პოლიტიკურ ძალებს თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს იუსტიციის სისტემის რეფორმირებაში და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში.

 

“ევროკავშირი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სისხლის სამართლის გამოძიებისა და დევნის მიუკერძოებლობა, ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, იყოს გამჭვირვალე და მკაცრად დაცული ის პრინციპები, რასაც ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. საბჭო არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაფუძნებული უმაღლესი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს შეთანხმების განხორციელებას.

 

ასოცირების საბჭომ პოზიტიურად შეაფასა შესამჩნევი პროგრესი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. სხდომაზე ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს პროგრესი სხვადასხვა სფეროში. ამასთან, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი