ოფიციალური მონაცემებით, 28 ივლისს ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.
ოპოზიცია საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ენდობა და გამარჯვებულად თავის კანდიდატს — ედმუნდო გონსალესს აცხადებს.
ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მადურომ ხმების 51,2% მიიღო, ხოლო ედმუნდო გონსალესმა — 44,2%. ვენესუელის საარჩევნო საბჭო მადუროს ლოიალური პირების მიერ არის დომინირებული.
„როიტერსის“ ინფორმაციით, მადურომ, რომელიც კენჭისყრის შემდეგ საპრეზიდენტო სასახლეში გამოცხადდა, განაცხადა, რომ მესამე ვადით მისი არჩევა „მშვიდობისა და სტაბილურობის ტრიუმფია“. მისი გამარჯვების აღსანიშნავად კარაკასში ფოიერვერკები გაუშვეს და პრეზიდენტის სასახლის თავზე განათებული დრონებით მადურო გამოსახეს.
ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გონსალესმა ხმების 70% მიიღო, რასაც მრავალჯერადი დამოუკიდებელი ეგზიტპოლი და პარალელური დათვლის შედეგები ადასტურებდა. ოპოზიცია ასევე მიუთითებს მრავალმხრივ დარღვევებზე საარჩევნო პროცესში.
„ვენესუელას ჰყავს ახალი არჩეული პრეზიდენტი და ეს არის ედმუნდო გონსალესი. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, — თქვა მან.
Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, გონსალესი ხმების 65%-ს აგროვებდა, ხოლო მადურო — 31%-ს. ადგილობრივი ორგანიზაციის, Meganalisis-ის თანახმად, გონსალესს 65% უჭერს მხარს, ხოლო მადუროს- ამომრჩეველთა 14%-ზე ნაკლები.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი „სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას ან ხმებს“.
არჩევნებში ოპოზიცია ერთი კანდიდატის, ყოფილი დიპლომატის, ედმუნდო გონსალესის ირგვლივ გაერთიანდა. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ, თუმცა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების მობილიზაცია გამოაცხადა, ბოლოს კი განაცხადა, რომ მათი დიდი ნაწილი უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს.





