ახალი ამბები

როგორ უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლებმა

14 ნოემბერი, 2015 • 3910
როგორ უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლებმა

 

 

 

ქალბატონო სოფო, როგორც ვიცი, პედაგოგებს თვითშეფასების კითხვარი სექტემბრისთვის უნდა შეევსოთ, მაგრამ ვადა სასწავლი წლის ბოლომდე გადაიწია, რა იყო ამის მიზეზი?

 

პირველ რიგში, განვმარტოთ რა მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას, რას წარმოადგენს თვითშეფასების კითხვარი. თვითშეფასება უნდა განვიხილოთ როგორც განმავითარებელი შეფასების ტიპი, რომლის დროსაც მასწავლებელი აკეთებს რეფლექსიას, აფასებს თავისივე მუშაობის პროცესს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების ხარისხს. თვითშეფასებით იგი აკეთებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას და მუშაობის პროცესში ცვლილებები სწორედ რეფლექსიისა და ანალიზის საფუძველზე შეაქვს.

 

წარმატებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში დანერგილია მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდები, რომელთა გამოყენება ეხმარება მასწავლებლებს ობიექტურად შეაფასონ საკუთარი საქმიანობა, დახვეწონ კომპეტენციები და სწავლა-სწავლების პროცესი გააუმჯობესონ. თვითშეფასების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით თვითშეფასების კითხვარით საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება.

 

ჩვენ მიერ შემუშავებული თვითშეფასების კითხვარი დაეფუძნა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. თვითშეფასების კითხვარი ჩვენ უნდა განვიხილით, როგორც მასწავლებლის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელიც მას ეხმარება განვითარდეს პროფესიულად. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი აქვს თვითშეფასების კითხვარის, როგორც სქემის აუცილებელი კომპონენტის შემოტანას. იმისათვის, რომ მასწავლებელი გულწრფელი იყოს თვითშეფასებაში, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, სწორად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული განვითარების გზა, იგი სქემის ფარგლებში არ ფასდება კრედიტებით.

 

ეს კითხვარი რამდენ ხანში ერთხელ ივსება?

 

 სქემაში ჩართული ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელი ვალდებულია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეავსოს თვითშეფასების კითხვარი, შეაფასოს საკუთარი საქმიანობა და შეადგენოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ზუსტ დროს არეგულირებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. მაგრამ, ვინაიდან წელს გახლავთ სქემის პილოტირების წელი და ახლა მიმდინარეობს ფასილიტატორების გადამზადება, სკოლების უმრავლესობამ თვითშეფასების კითხვარის შევსების ვადა პირველი სემესტრის ბოლოსთვის გადაიტანა.

 

 თქვენ ამბობთ, რომ ახლა მიმდინარეობს ფასილიტატორების გადამზადება. კონკრეტულად რა ევალებათ მათ?

 

 ფასილიტატორები არიან სკოლის პედაგოგები, რომლებსაც ირჩევს პედაგოგიური საბჭო. ისინი არიან ასევე შიდა შეფასების ჯგუფის წევრები და, გარდა იმისა, რომ მათ ევალებათ მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ისინი ასევე ეხმარებიან მასწავლებელს საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირებაში, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ფასილიტატორი აანალიზებს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების თვითშეფასების შედეგებს, გამოკვეთს და აჯგუფებს პრობლემებს და ამის საფუძველზე გეგმავს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ კონსულტაციებს კოლეგებთან, აძლევს მათ რეკომენდაციებს, სთავაზობს რესურსებს, უზიარებს საკუთარ გამოცდილბას, თვალს ადევნებს მათ საქმიანობას. ფასილიტატორი შიდა საგაკვეთილო დაკვირვების შემდეგ აძლევს მასწავლებლებს განმავითარებელ შეფასებას. სასწავლო წლის ბოლოს კი ეხმარება პედაგოგებს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის გაანალიზებაში და იმის შეფასებაში, რამდენად დაეხმარა განხორციელებული აქტივობები მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

 

 ფასილიტატორები გადამზადდნენ თუ ჯერ ისევ მიმდინარეობს პროცესი?

 

ფასილიტატორების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პერმანენტულდ გაგრძელდება სხვადასხვა თემატიკაზე. პირველი ტრენინგი, რომელიც ახლა დაიწყო და 15 დეკემბრისთვის ყველა ფასილიტატორი უნდა იყოს გადამზადებული, ეხება თვითშეფასებას, მის მნიშვნელობას მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის, თვითშეფასების კითხვარის შევსებას და თვითშეფასების საფუძველზე პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ფასილიტატორების ტრენინგებზე ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშავონ მათ ეფექტურად კოლეგებთან. 

 

 რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ შეავსებს თვითშეფასების კითხვარს, ვთქვათ, წლის განმავლობაში?

 

 მართალია, თვითშეფასების კითხვარი კრედიტქულით არ ფასდება, მაგრამ ოთხივე სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის ეს გახლავთ სავალდებული აქტივობა. შესაძლებელია მასწავლებელს წარმატებით ჰქონდეს განხორციელებული სტატუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა, მაგრამ მას თუ არ ექნება თვითშეფასების კითხვარი შევსებული და, ასევე შემუშავებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, შიდა შეფასების ჯგუფი ვერ შემოვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სტატუსის მინიჭებისა თუ შენარჩუნების შესახებ ინიციატივით.
 


რამდენგვერდიანია ეს კითხვარი და რა დრო სჭირდება მის შევსებას, ტექნიკურად რამდენად რთულია?

 

 თვითშეფასების კითხვარი, როგორც დოკუმენტი არ არის პატარა მოცულობის. იგი შედგება ორი მიმართულებისგან, ერთია სასწავლო პროცესის მართვა და მეორეა პროფესიული პასუხისმგებლობები, რომლებიც, თავის მხრივ, განაწილებულია სფეროებად, ქვესფეროებად, ბლოკებად და პუნქტებად. თითოეული პუნქტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ინდიკატორი. მასწავლებელი თითოეულ პუნქტთან საკუთარი პრაქტიკის შესაბამისობას აფასებს ოთხდონიანი შეფასების სკალით.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა მასწავლებელს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილი აქვს პროფილი, სადაც ატვირთულია თვითშეფასების სტანდარტიზებული კითხვარი. მასწავლებელი კითხვარს ავსებს ონლაინრეჟიმში. კითხვარი ეკრანზე მასწავლებელს გამოუჩნდება ქვესფეროების მიხედვით. როდესაც იგი შეავსებს ერთი ქვესფეროს ყველა ველს, მიეცემა შესაძლებლობა გადავიდეს მომდევნო გვერდზე და ა.შ. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს თვითშეფასების კითხვარი შეავსოს თანდათანობით, სფეროების მიხედვით.

 

მიუხედავად დოკუმენტის არც თუ ისე პატარა მოცულობისა, მის შევსებას არ სჭირდება დიდი დრო. ინსტრუმენტის გამოცდამ დაგვანახა, რომ მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის თავიდან ბოლომდე შევსებისთვის საშუალოდ ესაჭიროებოდათ ერთი საათი და 30 წუთი.

 

 თვითშეფასების კითხვარში შეტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსწავლეთა ტოლერანტობის გრძნობის წახალისება და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ სკოლებში მაღალია ჰომოფობიური/ქსენოფობიური განწყობები. თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელები იქნებიან მასწავლებლები ამ ველის შევსების დროს?

 

 ბუნებრივია, რომ თვითშეფასების კითხვარში მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის წახალისებისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა შეტანილია, რადგან ეს მასწავლებელს მოეთხოვება სტანდარტის მიხედვით, თვითშეფასების კითხვარი კი ეყრდნობა მასწავლებლის სტანდარტს. რაც შეეხება იმას, რამდენად გულწრფელები იქნებიან მასწავლებლები. თუ მასწავლებლები გააცნობიერებენ, რომ თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა არის მათ საკეთილდღეოდ და ამა თუ იმ პუნქტის დაბალი თვითშეფასება არ გახდება სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან დასჯის საბაბი, მაშინ არაგულწრფელობის პრობლემაც მოიხსნება.

 

 სოციალურ ქსელებში თვალი გადავავლე მასწავლებლების შეფასებებს ამ კითხვართან დაკავშირებით, ერთ-ერთი პედაგოგი წერს: „ყველა კითხვას რომ გავცემ პასუხს და კრედიტებსაც რომ დავაგროვებ მინიმუმ ოთხ წელიწადში, ამით ბავშვების ცოდნის დონე გაიზრდება?“- თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად აქვთ პედაგოგებს ამ კითხვარის მნიშვნელობა გააზრებული?

 

 ჩვენ ყველას გაცნობიერებული უნდა გვქონდეს რომ თვითშეფასებით იწყება პროფესიული განვითარება. თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს მისი სისუსტე და სიძლიერე, მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი. საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა.პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე კი შეუძლებელია სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება. ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს გახლავთ, რომ მასწავლებლებმა ეს ყოველივე გააცნობიერონ.

 

 კიდევ ერთი პედაგოგის პოსტ წაგიკითხავთ: „სისტემური ცვლილებებია საჭირო და არა კრედიტების დაგროვება და კითხვარების შევსება. ეს ყველაფერი კომუნისტებისდროინდელ ბიუროკრატიულ სისტემას მაგონებს, როცა საქმე ქაღალდზე კეთდებოდა და უამრავი უსარგებლო რამ იწერება. რატომ აქვთ ასეთი განცდა პედაგოგებს?

 

 ასეთი დამოკიდებულება იმით არის გაპირობებული, რომ ბევრს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული სქემის არსი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა სწორედ სისტემურ ცვლილებას ეხება და არა მხოლოდ კრედიტების დაგროვებას. ეს არ არის ფრაგმენტული და ეკლექტური ნაბიჯები. ამიტომ ამ კომენტარში ვერ დავეთანხმები კოლეგას. თუ ეს პედაგოგი და სხვებიც დაკვირვებით გაეცნობიან სქემის დოკუმენტს, აუცილებლად შეამჩნევენ, რომ სქემის ამოცანაა მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.


ტექნიკურ მხარეზე მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ ყველა მასწავლებელს არ აქვს კომპიუტერი და ვერ ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს. ასეთ შემთხვევაში როგორ შეავსებს პედაგოგი თვითშეფასების კითხვარს? ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ ფასილიტატორებს მოუწევთ მათ ნაცვლად კითხვარების შევსება?

 

 მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტკავშირით. ამიტომ დოკუმენტაციების ატვირთვის პრობლემა არ უნდა შეიქმნას. იმ მასწავლებლისთვის, რომელიც ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარებს, ეს მოთხოვნა არის ერთგვარი მოტივაცია იზრუნოს ამ უნარების განვითარებაზე. პირველ ეტაპზე კი ვიმედოვნებთ, მათ საინფორმაციო მენეჯერები და ის კოლეგები დაეხმარებიან, რომლებიც კომპიუტერულ უნარებს კარგად ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი