ახალი ამბები

აშშ აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას – მილერი

25 ივლისი, 2024 •
აშშ აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული.

როგორც მან 24 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას.

“თუკი გადახედავთ ჩვენს ნაბიჯებს, ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია მათ ქმედებებზე.

თქვენ ნახეთ, სახელმწიფო მდივანმა დააანონსა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გადავხედავთ. მან დამატებითი შეზღუდვები, პირველი სანქციები შემოიღო საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ და [ურთიერთობების] გადახედვა გრძელდება.

ჩვენ ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ ან ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლას იწყებს, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალსაჩინოა, ასეთი ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ კურსის ცვლილება სურთ. ამის პარალელურად, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ იმ რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ [საქართველოს მთავრობამ] შეიძლება არ შეცვალოს კურსი“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი