ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2–ის სარჩელზე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა

13 ნოემბერი, 2015 • 1186
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2–ის სარჩელზე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას.

რუსთავი 2-ის მფლობელები სულ 3 ნორმის შეჩერებას ითხოვდნენ, რომელთაგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი დაკმაყოფილდა და ერთი არა. სასამართლომ არ შეაჩერა სეკვესტრის ნაწილი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

საკონსტიტუციო სასამართლო ამას შემდეგნაირად ასაბუთებს:

 

“საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დროებითი მმართველი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებით და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის  მიერ.

 

ამდენად, სადავო ნორმები არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, მათ შორის, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გაასხვისოს, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის (შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის) ქონება მისი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. ის ასევე აღჭრუვილია ფართო უფლებამოსილებით, განსაზღვროს მაუწყებლის სატელევიზიო ბადე, დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე.  ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებითი მმართველის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას.

 

ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს „ტელეკომპანია საქართველო“) საკუთრებაში არსებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით.”


 

მოსარჩელე, ტელეკომპანია “საქართველო” საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბრის განჩინება რუსთავი 2–ის დროებით მმართველად დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის შესახებ სწორედ ამ ნორმებზე დაყრდნობით გამოიტანა. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2–ის წარმომადგენლების სარჩელის საფუძველზე ერთხელ უკვე მიიღო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები  “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი