ახალი ამბები

კვლევის წინასწარი შედეგებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 7%-ს C ჰეპატიტი აქვს

13 ნოემბერი, 2015 • • 1120
კვლევის წინასწარი შედეგებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 7%-ს C ჰეპატიტი აქვს

მსგავსი მასშტაბური კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების საკითხებს შეეხება, ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების პარალელურად დაიგეგმა.  მასში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით 7 ათასმა შემთხვევითი პრინციპით შერჩეულმა ადამიანმა. კვლევის საბოლოო შედეგები, ოფიციალური უწყებების ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, არსებული 7%-იდან 5,2%-ს აქტიური ინფექცია აღენიშნება და, შესაბამისად, მკურნალობის დაწყებას საჭიროებენ.

 

“მოლოდინი დაახლოებით იგივე გვქონდა. თუმცა, გავრცელების თვალსაზრისით, არ ველოდით, რომ ასეთი მაღალი იქნებოდა ზოგიერთ რეგიონში. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთში”, – ამბობს გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ რეგიონში ჰეპატიტის მაღალი გავრცელება, შესაძლოა, აფხაზეთიდან მიგრაციას უკავშირდებოდეს. 

 

გავრცელება მაღალი აღმოჩნდა, ასევე, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობას სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს. ელიმინაციის მეორე ეტაპისთვის, რომელიც 2016 წლის იანვრიდან დაიწყება, მოქალაქეების უფასო სკრინინგი 9 ნოემბრიდან დაიწყო. 


საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის ახალი პრეპარატით უფასო მკურნალობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს მთავრობამ და ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “გილიადიმ” ხელი 2015 წლის 21 აპრილს მოაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი