ახალი ამბები

სანიკიძე ადასტურებს, რომ “მე და საზოგადოებაში” საპატრიარქომ ზოგი ტერმინი ამოაღებინა

13 ნოემბერი, 2015 • • 1165
სანიკიძე ადასტურებს, რომ “მე და საზოგადოებაში” საპატრიარქომ ზოგი ტერმინი ამოაღებინა

“მე მგონი, არ არის საპატრიარქო ის დაწესებულება, რომელიც ამ კუთხით ტყუილს იტყოდა, რა თქმა უნდა. რაღაცები ჩვენ გავითვალისწინეთ, რაღაცები გაითვალისწინეს იმათ”, – განუცხადა მინისტრმა ნეტგაზეთს.


თამარ სანიკიძის განმარტებითვე, “მე და საზოგადოების” გარდა, სამინისტრო სხვა საკითხებზე რეგულარულად ხვდება საპატრიარქოს განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს.

 

“საპატრიარქოს კომიტეტის [განათლების] წარმომადგენლები არა მხოლოდ იმ დღეს, რეგულარულად დადიან და მუშაობენ არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ სხვა საკითხებზეც. საპატრიარქოს გააჩნია განათლების კომიტეტი, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლებლები და ა.შ. ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერია.

 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საგანს,  ვაგრძელებთ მუშაობას, არის რაღაცები შეცვლილი, არის შემოთავაზებები, ზოგი ლოგიკური, ზოგი არალოგიკური, ამიტომ ამ ინფორმაციას ვფილტრავთ, ვაანალიზებთ. ოფიციალური ვერსია ჩვენ საზოგადოებისთვის ჯერ არ წარგვიდგენია”, – აცხადებს თამარ სანიკიძე. 

 

საპატრიარქოს რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს და შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, მოხდა გარკვეული ტერმინების ამოღებაც. 


“კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია”, – წერია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ თემის “მე და ოჯახის” სათაური მათივე რეკომენდაციით შეცვალეს და ეწოდა “ჩემი ოჯახი”.

 

განათლების სამინისტრო დაწყებით კლასებში ახალი საგნის “მე და საზოგადოება” შეტანას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი