ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი „ზონდერებს ეხებათ“ და ამით ხელისუფლება მათ დაუსჯელობას ჰპირდება.
ამის შესახებ აქუბარდიამ ამნისტიის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.
}თქვენ თქვით, რომ პატიმრებს შეახებდით ამნისტიას და პრაქტიკულად, მოატყუეთ ისინი. თუ გადავხედავთ მუხლებს, მინიმალურია იმ მუხლების რაოდენობა, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან.
მაინტერესებ, რა პრინციპით შეარჩიეთ მუხლები და რამე კვლევა თუ არსებობს, რომელზე [დაყრდნობითაც] ამ ამნისტიას წერდით? ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება – შსს და არასწორი კვალიფიკაციით.
ყველა ამ დანაშაულს ამნისტია ეხება. ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ეს ამნისტია. ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?! რამდენად არის ამნისტია სამართლიანი, როცა ის ეხება დანაშაულის ჩამდენებს და არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ კანონს და დღეს ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი დაკავებული“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პასუხად ამნისტიის კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ თეონა აქუბარდია არაკომპეტენტურია და პროექტი წაკითხული არ აქვს.
„მე არ ვიცი, რა კანონზე საუბრობდა ქალბატონი აქუბარდია. თუ სწორად იტყვის კანონს და სწორად განმარტავს, ამ შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ და გითხრათ – არაკომპეტენტურობა. თან ისიც არის, რომ წაკითხული არ გაქვთ ეს ამნისტია, თორემ ამ კითხვას საერთოდ არ დასვამდით“, – უპასუხა იონათამიშვილმა აქუბარდიას.
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით დღეს, 19 ივლისს, მიიღო. ამნისტიის საბოლოოდ მიღებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის პროექტი „დაბალანსებულია“.