ახალი ამბები

თბილისში ბაიკერი, სავარაუდოდ, პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შემდეგ დაიღუპა

19 ივლისი, 2024 •
თბილისში ბაიკერი, სავარაუდოდ, პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შემდეგ დაიღუპა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რასაც მოტოციკლეტის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალი დამკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლეტის მძღოლს გზა გადაუკეტა მისი დაკავების მიზნით. ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მძღოლმა ავტოსაგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მას პოლიცია აედევნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია პირი, რომელიც შემთხვევას ტელეფონით იღებდა. „ფორმულას“ ინფორმაციით მას პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

„ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე საათია ცდილობს, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ჩვენს კითხვებს პასუხს არ სცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი