ახალი ამბები

აშშ-ის პროკურატურა: დაკავებულია ქართველი ნეონაცისტი ლიდერი, რომელიც ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა

17 ივლისი, 2024 •
აშშ-ის პროკურატურა: დაკავებულია ქართველი ნეონაცისტი ლიდერი, რომელიც ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, დააკავეს აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ნიუ-იორკელი ებრაელი ბავშვების მოწამვლა ჰქონდა დაგეგმილი. როგორც გაირკვა, დაკავებული საქართველოს მოქალაქე 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილია.

მას ბრალი წაუყენეს შეთქმულების გამო, რომლის თანახმადაც, მის ერთ-ერთ თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს 4 სხვადასხვა მუხლით, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში და მასობრივი ძალადობის ქმედებებში.

მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც რამდენიმე მეტსახელი აქვს, მათ შორის, “მეთაური ჯალათი” (Commander Butcher), სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა კულტს, რომელიც აშშ-ის პროკურატურის თქმით, საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფია და იცავს „ნეონაცისტურ აქსელერაციონისტულ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული საზოგადოებისა და სხვათა მიმართ”.

მათივე თქმით, ჯგუფის მიზანია დაარღვიოს სოციალური წესრიგი ტერორიზმისა და ძალადობის გზით, შიშისა და ქაოსის წარმოქმნით.

სასამართლოს მტკიცებულებების თანახმად, ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაოდესაც ცდილობდა პროკურატურის ფარული აგენტი გადაებირებინა და მისთვის ძალადობრივი დანაშაულის  ჩადენა დაევალებინა.

პროკურორების თქმით, ნოემბერში 21 წლის დამნაშავემ ახალი წლისთვის “მასობრივი მკვლელობის ღონისძიების” დაგეგმვა დაიწყო. მან შეადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომელიც აგენტ სამართალდამცველსაც გაუზიარა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა მანიფესტს, სახელწოდებით „მოძულეთა სახელმძღვანელო“ (Hater’s Handbook), რომელშიც ნათქვამია, რომ მას “მოუკლავს თეთრი რასისთვის” და სხვებსაც მოუწოდებს, მსგავსი მოქმედებისკენ. სახელმძღვანელო თავის მკითხველს მოუწოდებს, გამოიყენონ ბავშვები თვითმკვლელ ტერორისტებად და სხვა მასობრივი მკვლელობების განსახორციელებლად, რომლებიც მიმართულია რასობრივი უმცირესობების გასანადგურებლად.

ოფიციალური პირების თქმით, ჩხიკვიშვილი 2022 წელს მინიმუმ ორჯერ გაემგზავრა ნიუ-იორკში და დარჩა ბებიასთან ბრუკლინში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალადობრივი დანაშაულისკენ მოწოდებისთვის ემუქრება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალადობრივი შეთქმულებისთვის, 20 წლით –  ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ხოლო კიდევ 5 წლით – მუქარის შემცველი კომუნიკაციისთვის. აშშ-ში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული სასჯელებიც დაჯამდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი