ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში დღეს გაასაჩივრებს

15 ივლისი, 2024 •
პრეზიდენტი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში დღეს გაასაჩივრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ის შეეცდება დაასაბუთოს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც წერია, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, პრეზიდენტი დავობს რუსული კანონის შეუსაბამობას კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან.

სარჩელის მომზადების პროცესში ჩართული იყო “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატო, იურისტი ეკა ბესელია. მისი თქმით, სარჩელით მოთხოვნილია ნორმის მოქმედების შეჩერება განხილვის დასრულებამდე. ამის საფუძვლად კი დასახელებულია ის ზიანი, რაც რუსულმა კანონის ამოქმედება უკვე მოუტანა ქვეყანას, ასევე, ამ ზიანის განგრძობითი ხასიათი.

“როგორ იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტი ,პროცესზე, ამას ვნახავთ. თუმცა მე ვარ აქტიურად ჩართული ამ პროცესში და, ბუნებრივია, არ დავაკლებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ის დიდი ზიანი, რომელიც ამ კანონმა მოუტანა ქვეყანას […]

სასამართლომ არ უნდა მოიმიზეზოს ზაფხულის პერიოდი და შვებულებები. ეს ის სარჩელია, რომელსაც ელოდება მთელი ქვეყანა. ამიტომ, ვადებს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა”, – განაცხადა ბესელიამ TV  პირველთან საუბრისას.

ანალოგიური მოტივით საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენენ ოპოზიციონერი დეპუტატები. თამარ კორძაიას ინფორმაციით, სარჩელი თითქმის მზადაა, უკვე აქვთ საკმარისი — 30 დეპუტატის ხელმოწერა — თუმცა კონსულტაციები ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის თვის ბოლომდე გაგრძელდება.

პრეზიდენტის მსგავსად, კანონის მოქმედების შეჩერებას განხილვის დასრულებამდე ითხოვენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

“ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება განხილვის ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აპირებენ დაასაბუთონ, რამდენად შეუთავსებელია რუსული კანონი კონსტიტუციის მე-2 თავში განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებთან. კონკრეტულად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურად წარედგინება სახალხო დამცველის პოზიციაც. ლევან იოსელიანს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში – მოამზადებს დამოუკიდებელ სარჩელს, თუ საკონსტიტუციოს წარუდგენს “სასამართლოს მეგობრის” წერილს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც წარადგენენ თავიანთ სარჩელს.

“გადავხედავთ [სხვების] სარჩელს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით იქნება ჩვენი ინტერვენცია — ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც შეავსებს ამ პროცესს, თუ … თუ დავინახავთ, რომ არის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია გამოტოვებულად, მაშინ შეიძლება ჩვენც წარვადგინოთ დამატებითი სარჩელი. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განხილვის პერიოდში ან ერთი ფორმით, ან მეორე ფორმით წარვუდგენთ“ ,— განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი