ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია რუსთავი 2-ს მაუწყებლობის შესაძლო შეწყვეტაზე აფრთხილებს

9 ნოემბერი, 2015 • • 1042
კომუნიკაციების კომისია რუსთავი 2-ს მაუწყებლობის შესაძლო შეწყვეტაზე აფრთხილებს

“მივმართავთ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არც ერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა”, – წერია კომუნიკაციების კომისიის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

კოკმისიის განცხადებით, ტელეკომპანიას ბოლო დრომდე არ შექმნია პრობლემები ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაციის კუთხით, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ,  სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ,  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი  – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადე, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ასევე არხზე კრიტიკული აზრის ფიქსირების მოცულობა არ შეცვლილა შემცირების/გაუქმების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.

 

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მაუწყებლობა შეუფერხებლად ვრცელდება როგორც ღია ეთერით, ასევე, საკაბელო ქსელების გამოყენებით, თანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლმ 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100 პოროცენტი მიაკუთვნა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს. გადაწყვეტილება კომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ისინი არ აპირებენ ტელეკომპანიის დატოვებას.

 

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ მენეჯერს სასამართლომ 5 ნოემბერს ეუჩერა უფლებამოსილება, ხოლო დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დანიშნა. ხალვაში აცხადებს, რომ ტელევიზიაში ძალით შესვლას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი