ახალი ამბები

რა საფრთხეს შეიცავს მოსამართლე ურთმელიძის განჩინება მედიისთვის

9 ნოემბერი, 2015 •
რა საფრთხეს შეიცავს მოსამართლე ურთმელიძის განჩინება მედიისთვის

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სამართლებრივი დავის დასრულებამდე ტელეკომპანიაში ორი დროებითი მმართველი დაინიშნა. მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად რამდენიმე სამართლებრივ არგუმენტს ეყრდნობა, მათ შორის ერთ-ერთი – არხის სარედაქციო პოლიტიკის საკითხს ეხება. განჩინების სწორედ ეს პუნქტი იწვევს ჟურნალისტებისა და იურისტების ნაწილის აღშფოთებას, რადგან მათი აზრით, ახალი სტანდარტი, რომელსაც სასამართლო ამკვიდრებს, სცდება ერთი კონკრეტული არხის წილების თემაზე მიმდინარე დავას და ის ზოგადად მედიის საქმიანობას აყენებს საფრთხის წინაშე საქართველოში, რადგან მის შინაარსობრივ რეგულირებას ცდილობს.

 

მოსამართლის განჩინებაში ვკითხულობთ: არსებობს საფრთხე, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება შეიძლება გადატანილ იქნას მხოლოდ და მხოლოდ არსებული [სასამართლო] დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფიდათ აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე”.

“სასამართლო აღნიშნავს, რომ მედიას ევალება, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია საკითხებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ეს გულისხმობს ინფორმაციის გაშუქებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს და გამორიცხავს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას. გარდა ამისა სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის [ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “-ის პარტიორები], მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვითი ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას”, – ვკითხულობთ მოსამართლის განჩინებაში.

 

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ზემოხსენებულ ჩანაწერში სასამართლო მექანიზმებით ცენზურის გამოყენების ნიშნებს ხედავს:

 

“სასამართლო მიუთითებს ელემენტარულ პროფესიულ სტანდარტებზე, ეთიკური ნორმების აუცილებელ კრებულზე, რომელსაც მედია იყენებს, თუ მას სურს, რომ იყოს თანამედროვე და პასუხისმგებლიანი, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო სასამართლო პრაქტიკასთან. ეს სტანდარტები მოსამართლემ არ უნდა დაამკვიდროს. მოსამართლე შეეცადა, პრაქტიკულად, მოქმედების ჩარჩოს დადგენას [მედიისთვის] და მან გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლო მექანიზმის გზით დაუშვა ცენზურა… მან თქვა, რომ ასე უნდა კეთდებოდეს სიუჟეტი, ამ თემაზე სიუჟეტი არ უნდა გაკეთდეს, თუ ამ თემაზე გაკეთდება სიუჟეტი, მაშინ ის ტელევიზიის რეიტინგს ზიანს მიაყენებს, ტელევიზიის რეიტინგი მნიშვნელოვანია მისი არსებობისთვის და ასე შემდეგ”, – ამბობს ქორიძე და დასძენს, რომ ის ნორმები, რომელზეც სასამართლოს განჩინებაშია საუბარი, მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელეკომპანიამ და რადიომ ისედაც უნდა  დაიცვას. თუ ტელეკომპანია  ამ ნორმებს არ იცავს, ჟურნალისტის თქმით, ის შეიძლება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააფრთხილოს, დააჯარიმოს, ან ლიცენზია შეუჩეროს, “მაგრამ ეს არ არის მოსამართლის გადასაწყვეტი და ის ამ დეტალებში არ უნდა შესულიყო”.

განჩინებაში მოყვანილი ზემოხსენებული ჩანაწერი საგანგაშოდ მიაჩნია მაკა ანთიძესაც, როიტერის ჟურნალისტს საქართველოში:

 

“ზუსტად ეს ნაწილი ჩემთვის, ჟურნალისტისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 25 წელი ვმუშაობ და აქედან ბოლო 20 წელი როიტერის სააგენტოში, ნამდვილად საგანგაშოა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სასამართლოს არანაირი უფლება არ აქვს ასე ღიად ჩაერიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში. აქ ხომ არ არის საუბარი კონკრეტულ სტატიაზე, რომელიც მედიამ გამოაქვეყნა, ვიღაცას ეს სტატია არ მოეწონა და სასამართლოში უჩივლა ჟურნალისტს… ეს სულ სხვა ამბავია. ვფიქრობ, ის, რაც ამ განჩინებაში წერია, ნამდვილად ცდება “რუსთავი 2”-ის საქმეს. აქ სიტყვის თავისუფლების პრობლემაზე უნდა დავფიქრდეთ და არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, როგორც ცალკე აღებული ტელეკომპანიის, საქმეზე”, – ამბობს ანთიძე.

ანთიძის აზრით, მოსამართლის საქმე არ არის იმის შეფასება, არის თუ არა ობიექტური ესა თუ ის რეპორტაჟი, სტატია თუ რადიოსიუჟეტი. “როდესაც ამ სიტყვებს იყენებს თავის განჩინებაში, ეს უკვე საგანგაშოა”.



იმავე აზრზეა გიორგი მგელაძე, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი:

 

“განჩინებაში ვკითხულობთ, რომ “რუსთავი 2” მთლიანად გადართულია მასთან დაკავშირებული სასამართლო დავის გაშუქებაზე და ამით თავის მთავარ ფუქნციას არ ასრულებს. ეს აზრი რომ რომელიმე მედიაექსპერტისგან მომესმინა, შეიძლება გამეზიარებინა და მეც მქონდა შინაგანი პროტესტი. შაბათს, როცა სასამართლო პროცესზე ჰქონდა “რუსთავი 2”-ს კურიერი, საგარეჯოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდებოდა, სადაც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მთელი 40 წუთი, როგორც “რუსთავი 2”-ის მაყურებელი, ველოდებოდი, როდის იტყოდნენ ორ სიტყვას საგარეჯოს არჩევნებზე. ანუ შეიძლება მედიაექსპერტს, რიგით მოქალაქეს გასჩენოდა პროტესტი, რომ მთელი დღეები ასე ისტერიულად რატომ აშუქებთ მხოლოდ ამ სასამართლო დავას და რატომ არ ასრულებთ თქვენს სხვა ფუნქციასაც, საზოგადოების ინფორმირებას, მაგრამ როდესაც ამას მოსამართლე წერს თავის დასაბუთებაში, ეს მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად მაინც მიმაჩნია”, – ამბობს მგელაძე.

 

ჟურნალისტის თქმით, მას ასევე გაუჩნდა პროტესტი განჩინების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც დროებით მმართველებს სატელევიზიო ბადის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს:

 

“ამერიკის კონსტიტუციაშიც კი, პირველი ჩასწორება არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავი და თავისუფალია. ხელისუფლების არც ერთი შტო არ შეიძლება ერეოდეს გამოხატვის თავისუფლებაში. ამიტომ მოსამართლის განჩინების ეს ჩანაწერი ეჭვს იწვევს. მგონია, რომ ეს საფრთხის შემცველია და არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ისთვის, ზოგადად, მედიისთვის. ამან შეიძლება დანერგოს პრაქტიკა, როცა ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სასამართლო, ჩაერიოს ტელევიზიის და ზოგადად მედიის კონტექსტში”, – აცხადებს მეგალაძე.

პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხზე რედაქციის გარედან ჟურნალისტებისთვის მითითების მიცემა მიუღებელია ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილისთვისაც, რომელიც GIPA-ს ლექტორია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანის სტატუსს, ვინც ჟურნალისტებს  გარედან “სწორი პრიორიტეტიბისაკენ” მიუთითებს.

 

“ასეთი მაგალითი მახსენდება: ერთ-ერთი არჩევნების წინ საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მონიტორინგი დაიწყეს იმის გასარკვევად  რამდენად ობიექტურად მუშაობდა მედია. ჟურნალისტები ამ საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციებს გადიოდნენ, ისინი უთითებდნენ ჟურნალისტს, რა უნდა გაეკეთებინა, როგორი უნდა ყოფილიყო გადაცემა, ვინ მიეწვია სტუდიაში და ა.შ. მაშინ დავინახე პირველად, როგორ შეიძლება არა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი უთითებდეს ჟურნალისტს. მათ პოლიტიკური ინტერესი არ ჰქონიათ, მაგრამ ჩემთვის პრინციპულად დიდი მნიშნელობა არ აქვს, ვინ მიუთითებდა ჟურნალისტს, რა [სიუჟეტი] რის მერე გაეშვა… ეს მისი, ჟურნალისტის გადასაწყვეტია. ამ თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ცალსახაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა არც პოზიციას, არც თანამდებობას, არც იმას, თუ რა მოტივებით უთითებენ და უწესებენ ჟურნალისტებს რედაქციის გარედან პრიორიტეტებს. ეს განიხილება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად”, – ამბობს ჯაფიაშვილი.

 

მისი თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური სუბიექტები, ვინც შეიძლება ესა თუ ის სარედაქციო პრიორიტეტი დაიწუნოს, თვითონ ჟურნალისტები და მაყურებლები არიან.

 

“მაყურებლების ინსტრუმენტიც ნდობაში გამოიხატება მხოლოდ და სხვა არაფერში. თუ აუდიტორია ფიქრობს, რომ ჟურნალისტები არაეთიკურად იქცევიან, მათ პროტესტს უცხადებს, არ უყურებს, აკრიტიკებს, ან სხვა არხზე გადართავს”.

 

რამდენად სერიოზულია  საფრთხე, რომ იმ პრაქტიკამ, რასაც კონკრეტული მოსამართლე ურთმელიძე ამკვიდრებს თავისი განჩინებით, სამომავლოდ მედიის წინააღმდეგ პრეცედენტის ეფექტი იქონიოს?  იმ ჟურნალისტების დამოკიდებულება, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამ საკითხზე განსხვავებულია.

 

გიორგი მგელაძე არ ფიქრობს, რომ რადგან თბილსისი საქალაქო სასამართლოს დონეზე ასეთი ჩანაწერი არსებობს, ამიერიდან ის ავტომატურად გავრცელდება სხვა საქმეებზეც მედიასთან დაკავშირებით:

 

“მხოლოდ ერთი (თანაც საქალაქო სასამართლოს) გადაწყვეტილება არ არის საკმარისი, რომ პრაქტიკა დაინერგოს. ეს არაა უზენაესი სასამართლო. ჩვენ პრეცედენტულ სასამართლოს ვცნობთ და სხვა ქვეყნების, მაგალითად, ევროპის პრაქტიკასაც ვიზიარებთ. ამიტომ, მთლად ასე, რომ “ვაიმე, რაკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო [ურთმელიძემ], აწი სულ ასე იქნება” – არ ვფიქრობ”, – ამბობს მგელაძე.

 

ნინო ჯაფიაშვილი ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ განჩინების ამ ნაწილს საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, იურისტთა და მედი წრეების საკმაოდ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა, რაც იმის თქმის საფუძველია, რომ მომავალში მისი პრეცედენტის სახით გამოყენება ვეღარ მოხდება.

 

მაკა ანთიძე კი პარალელებს მეზობელ ქვეყნებში სხვადასხვა დროს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს:

 

“ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც მე ნამდვილად მინახავს მსგავსი პროცესები, როცა სიტყვის თავისუფლება იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ [ეს] ერთი გარკვეული ტელეკომპანიის, გაზეთის თუ რადიოსადგურის საქმით იწყებოდა სასამართლოში და შემდეგ ვრცელდებოდა სხვა მედიასაშუალებებზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს მთლიანად ეს პროცესი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ და ალბათ, გარკვეული დასკვნები გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ შეიძლება პირობითად ურთმელიძე, თორემ შეიძლება სხვა მოსამართლეც იყოს, კარზე მოგვადგეს”, – ამბობს ანთიძე.

 

ზვიად ქორიძის აზრით კი, “მოსამართლის მიერ გამოხატვის თავისუფლების მანკიერი სტანდარტის შექმნა ცენზურასა და სარედაქციო დამოუკდიებლობასთან დაკავშირებით” არის ხიფათი იმ კუთხით, რომ მომავალში შესაძლოა ვინმემ მისი საკანონმდებლო ნორმად ქცევა მოინდომოს:

 

“მე ვაკვირდები  ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფების, ცალკეული პარლამენტარების საჯარო გამოსვლებს, მე მესმის ნეგატიური შეფასებები სიტყვისა და გამოხატვის იმ სტანდარტის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. როდესაც მოსამართლე ასეთ ნორმას ამკვიდრებს, შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ვიღაცას აქვს სურვილი, რომ ეს უკვე საკანონმდებლო ნორმად შემოიტანოს. მე ამ ხიფათს ვხედავ”, – ამბობს ქორიძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ურთმელიძის განჩნება გასაჩივრდება, შესაძლოა ზემდგომმა სასამართლო კოლეგიამ იმსჯელოს იმაზე, რამდენად ადეკვატური იყო დროებითი მმართველების დანიშვნა რუსთავი 2-ში, თუმცა უცნობია, რამდენად შევა კოლეგია მედიის შინაარსობრივი რეგულირების იმ ნორმის კანონიერების დისკუსიაში, რომელიც მოსამართლემ ლეგიტიმურად უკვე აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი