„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „დაბალანსებული ამნისტიის პროექტი“ წარადგინა. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ამნისტიის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.