ახალი ამბები

ძალადობა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება – „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისზე

5 ივლისი, 2024 •
ძალადობა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება – „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისზე

„ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება”, – აცხადებს “თბილისი პრაიდი” 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციიდან  სამი წლისთავზე.

„სამი წელი გავიდა ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრავმული დღიდან.

2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში” ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას” ოფისები.

ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის.

სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა“, — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ 2021 წლის მასობრივ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ცალსახად ხელისუფლებას აკისრებს, ისევე როგორც ყველა სხვა დროს- 2021 წლამდე და 2021 წლის შემდეგ.

„ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.

ეს დადასტურდა 2021 წლის 6 ივლისსაც, როცა საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა თემს რუსთაველის გამზირზე. ეს დასტურდება ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი იბრძვის მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ; ეს დადასტურდება 26 ოქტომბრის არჩევნებზეც!“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს

2021 წლის 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში უნდა ჩატარებულიყო თბილისის პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — “ღირსების მარში”. მარშის ჩაშლის მიზნით რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოსა და  პრორუსული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ორგანიზებით.

“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მანამდე ღია ეთერში ახმიანებდნენ ძალადობისაკენ მოწოდებებს.

საბოლოოდ, “ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა ჰომოფობიური ჯგუფები პროცესების გასაშუქებლად ქუჩაში გასულ ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე, „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.

„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებმა სცემეს, ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ეს ფაქტი ნარკოტიკებით ზედოზირებას დაუკავშირა.

ძალადობას წინ უძღოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს ჰომოფობია და ძალადობა. პარლამენტთან იმ დღესაც მივიდნენ მოძალადეები, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით საგნებს ისროდნენ.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი