საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ივნისის თვეში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.5-ით არის შემცირებული. თუმცა წლიური ინფლაცია 2.2%-ია.
თვის მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების ცვლილებამ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა სურსათი და არაალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, კაფე-სასტუმრო-რესტორნები.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8 პროცენტი)“, — ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შარშანდელი წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მთელი 11%-ით არის გაძვირებული ტრანსპორტი, გაძვირებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლი და თამბაქო, განათლება, სასტუმროები და კაფე-რესტორნები. თუმცა ფასების კლება ფიქსირდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, კომუნალურ ხარჯებზე. გასული წლის ივნისთან შედარებით ინფლაცია მთლიანობაში 2.2 პროცენტია.