ახალი ამბები

წიკლაური: ძალიან ბევრჯერ მისაუბრია სააკაშვილთან რ2-ზე და სხვა საკითხებზეც

3 ნოემბერი, 2015 •
წიკლაური: ძალიან ბევრჯერ მისაუბრია სააკაშვილთან რ2-ზე და სხვა საკითხებზეც

“მე თვითონ პირადად არ მომისმენია ჯერ ეს, რაც გამოქვეყნდა, მაგრამ მომიყვნენ და ვიცი, რა სისულელეც არის. ძალიან ბევრი საუბარი შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც, სხვა რამესთან დაკავშირებითაც, შესაძლოა დღეში რამდენიმეც, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა მონაკვეთია გამოქვეყნებული”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რომ რამდენად რეალურად შედგა სააკაშვილთან საუბარი სამეგრელოდან 50 ყოფილი სპეცრაზმელის და 3000-მდე ადამიანის მობილიზებაზე რუსთავი 2-ის დასაცავად, წიკლაური პასუხობს:

 

“ეს არის ღია მოწოდებები, მე ტელევიზიით და საჯაროდ გამოვდივარ ასეთი მოწოდებებით, რომ რუსთავი 2-თან უნდა ყოფილიყო ხალხი შეკრებილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოუსმენლადაც გეუბნებით – იქ მხოლოდ და მხოლოდ საუბარი შეიძლება იყოს მშვიდობიან უიარაღო წინააღმდეგობაზე. ის, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვაპირებდი, არასდროს დამიმალავს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი პოზიცია ამაზე 10-20-ჯერ გამომიქვეყნებია საჯაროდ”.

 

რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას, ნუგზარ წიკლაური ამბობს: 

 

“ზუსტად არ ვიცი ახლა, რაღაცა მიმატებულია, შეიძლება ზუსტადაც არც მახსოვდეს, რადგან ძალიან ბევრი საუბარი შემდგარა ამაზე და ბევრ საკითხზე”.

 

რა საშუალებით ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და არის თუ არა ეს საუბარი, რომელიც გამოქვეყნდა, ვაიბერის საშუალებით შემდგარი? – ნუგზარ წიკლაური პასუხობს: “რა ვიცი, ბევრი რამით ვუკავშირდებოდი და ეს შესაძლოა ვაიბერის საუბარიც იყოს”.

ნუგზარ წიკლაური
ნუგზარ წიკლაური

დღეს, 3 ნოემბერს უკრაინულ პორტალზე uarevo.in.ua რუსთავი 2–ის საკითხის გარშემო, სავარაუდოდ, ნუგზარ წიკლაურისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. 


ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ნუგზარ წიკლაური სააკაშვილს აცნობს ვითარებას, თუ რამდენ ადამიანს მიიყვანენ რუსთავი 2–თან. 

 

 

 

“2 500 კაცი ჩვენი, პლუს კობა და კიდევ ვიღაცები. 3 000 კაცამდე მოვა რუსთავი 2–თან. კარვები და რაღაცები და ყველაფერი გვაქვს. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ თითქმის 600 კაცს, იქ მოხდეს ქლეში ამათ შორის და მერე პოლიცია… ჩვენც ჩამოგვყავს ვიღაც–ვიღაცები, ცოტა ისეთი ხალხი, 50 ადრე სპეცრაზმელი და ცოტა ისეთი ხალხი, სამეგრელოდან ჩამოგვყავს, აქ იქნებიან ჩვენთან” – ამბობს ნუგზარ წიკლაური. 

 

გუშინ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს, ასევე სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის. ხოლო მანამდე, სააკაშვილის საუბრები გიგა ბოკერიასთან და ასევე ნიკა გვარამიასთან.

 

ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაკითხა გვარამია და ბოკერია. დღეს იკითხებიან სოფო ნიჟარაძე და სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც გვარამია ასახელებს სააკაშვილთან საუბრის დროს. სუს-ი გამოძიებას აწაროებს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი