ახალი ამბები

თამთა მიქელაძე: გამოხატვის თავისუფლებით შოკისმომგვრელი გამოხატვის ფორმებიც დაცულია

2 ნოემბერი, 2015 •
თამთა მიქელაძე: გამოხატვის თავისუფლებით შოკისმომგვრელი გამოხატვის ფორმებიც დაცულია

პატრიარქის გუშინდელი ქადაგების შემდეგ საპატრიარქომ დღეს უკვე განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველსა და რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ამასთან, მიიღონ ყველა ზომა ჩვენი საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს მოწოდება? 

 

საპატრიარქოს მხრიდან წინა წლებში რამდენჯერმე იყო ინიცირებული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების საკითხი. ხელისუფლების ხშირად ღიად არასეკულარული მიდგომების გათვალისწინებით, ვფიქრობ, მსგავსი რეგულაციების დაწესების საფრთხე არსებობს.  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნული საკითხის განხილვას სათანადო ყურადღება დაუთმოს. 

 

საპატრიარქოს მხრიდან აღნიშნული საკითხის მწვავე შეფასების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური ზომები მხატვრისა და უნივერსიტეტის უსაფრთხოების დაცვისა და ცალკეული რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის.

 

საჯარო სივრცე და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცული საგანმანათლებლო, აკადემიური სივრცეები სეკულარულია/დესაკრალიზებულია. თუ რელიგია თავისი თავის განსაჯაროებას ახდენს, ის უნდა მოექცეს საჯარო სივრცის არსებულ ნორმატიულ ჩარჩოში და კრიტიკის მიმართ გახსნილი უნდა იყოს. ჩვენს რეალობაში ეკლესია ცდილობს საჯარო სივრცის პრივატიზებას და ცენზურის დაწესებას. ის მუდმივად იქნება მიდრეკილი დაარღვიოს სეკულარული წონასწორობა და დაიკავოს სხვა სივრცეები. აქ არსებითია სახელმწიფოს როლი, რომელიც ნეიტრალური, პლურალური და უსაფრთხო საჯარო სივრცის სადარაჯოზე უნდა დადგეს.

 

საპატრიარქოს თავის განცხადებაში ევროკავშირის რიგი ქვეყნები [იტალია, მალტა, გერმანია, ავსტრია, დანია] მოჰყავს და აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში რელგიური გრძნობების შეურაცხყოფა თუ ღვთის გმობა სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. როგორი გამოცდილება აქვს ამ ქვეყნებს?

 

ღვთის გმობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მარეგულირებელი  საკანონმდებლო ნორმები ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არქაული, ისტორიული  საკანონმდებლო ჩანაწერების ფორმით არსებობს და სამართლებრივ სისტემაში ისინი რეალურად არ მუშაობს.


სასამართლოები მსგავსი დავების გადაწყვეტის დროს, როგორც წესი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს იყენებენ და ამდენად, შემორჩენილ ძველ საკანონმდებლო ჩანაწერებს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ის სამართლებრივ რეალობაში არც მუშაობს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მსგავსი საკანონმდებლო  ჩანაწერები ლიბერალიზაციას  მოითხოვს.  ამდენად, საუბარი იმაზე, რომ უნდა მოხდეს  ღვთის გმობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის რეგულირება და კრიმინალიზება (ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განხილვა) ანაქრონისტულია და ის არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების მოქმედ სტანდარტებს.

 

ეს სტანდარტი კი ითვალისწინებს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მათ შორის შოკისმომგვრელი,  გამაღიზიანებელი, უმრავლესობისთვის  მიუღებელი გამოხატვის ფორმები. დემოკრატიულ და პლურალურ საზოგადოებაში მათ შორის,  ყველაზე კრიტიკული ფორმებით აზრის გამოხატვა დაცულ სფეროში ექცევა, რადგან ის ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე  საჯარო დისკუსიების წარმოებას/პროვოცირებას და ახდენს, მათ შორის, ძალაუფლებრივი სტუქტურების გაშიშვლებას, მხილებას.

 

ლია უკლებას განსახილველ ნამუშევარს გააჩნია მხატვრული ღირებულება და ის ჩემთვის ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული პატრიარქატული და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის კრიტიკის ფორმაა, რომელსაც აღნიშნულ საკითხებზე საჯარო დისკუსიის წახალისების რესურსი გააჩნია.


საჯარო, პოლიტიკური სივრცეების დესაკრალიზება ღრმა აზრით ქრისტიანული კონცეფციაა. ის ღმერთის, ტრანსცედენტულის იდეას ადამიანის შინაგანობაში ათავსებს და მის სრულ რეალიზებას მხოლოდ ადამიანის თავისუფლებაში ხედავს. ამ პირობებში ეკლესიის პოზიციონირება ფილოსოფიურად გაუგებარია ჩემთვის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი