ახალი ამბები

ევროკავშირმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

27 ივნისი, 2024 •
ევროკავშირმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

შეხვედრა ბრუსელში შედგა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, 10 წლის განმავლობაში უკრაინას გაუწიონ სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება.

შეხვედრაზე უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს ესტონეთთან და ლიეტუასთანაც მოეწერა ხელი.

ურსულა ვონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რაც მას სჭირდება აგრესიული ომისგან დასაცავად და მომავალ თავდასხმებთან გასამკლავებლად.

„დღეს ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რომელიც უკრაინას სჭირდება აგრესიული ომისგან თავის დასაცავად და მომავალი თავდასხმის შესაკავებლად.

ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს“, – წერს ვონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი