დაჯილდეობაზე, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გაიმართა, სპეციალური პრიზები გადაეცათ ლელა დუმბაძეს – გაზეთ “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” არასრულწლოვანთა ქორწინების თემაზე გამოქვეყნებული სტატიისთვის, გვანცა სუთიძეს – გადაცემა “კურიერ P.S.-ში” გასული სიუჟეტისთვის სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების შესახებ და მანანა მამაგულაშვილს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მულტიმედიისთვის, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში სასკოლო რადიოს შექმნის საკითხს შეეხება.
დაჯილდოებული ავტორები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ და საქართველოში ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტრონგის შედეგად შეარჩიეს, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
მედიის მონიტორებმა შეისწავლეს 8 255 ნამუშევარი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ან გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებში გამოქვეყნდა.
მონიტრონგის მიხედვით, მედია ბავშვთა საკითხებს მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და ძირითადად მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლებიან. მცირე რჩება იმ ნამუშევრების რაოდენობა, რომელიც სიღრმისეულად ცდილობს ბავშვთა საკითხების გაშუქებას.
კვლევის შედეგის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შესწავლილი მასალების 12%-ში ჰქონდა მედიას ბავშვთა საკითხები გაშუქებული სიღრმისეულად, ხოლო 88% მოკლე ინფორმაციებს ეყრდნობოდა.
ანგარიშის მიხედვით, მედია უმეტესად განათლების საკითხებს აშუქებდა. მას მოსდევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ტრაგედიებისა და უბედური შემთხვევების გაშუქება და ქველმოქმედება.
მედიის მონიტორინგის მიხედვით, მედია ცდილობს ეთიკურად გააშუქოს ბავშვთა საკითხები უმეტესად, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ჟურნალისტებსა და რედაქტორებს უჭირთ სწორი ფორმის მოძებნა.

