“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი და მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღებას უთმობენ კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ჩვენ გვაკავშირებს საერთო ინტერესები და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ურთიერთსასარგებლო სამომავალო ურთიერთობები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, დაეთმო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
“საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყნის ამ გეოპოლიტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება და შეთანხმება ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ”.
პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისმნიშვნელობაზეც.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან კოლეგას გაუზიარა შეშფოთება, რომელსაც იწვევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებასდა სტაბილურობას რეგიონში.
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა გამოხატეს საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპების მიმართ და დაადასტურეს ერთგულება საზღვრის ურღვევობის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც დიდი პოტენციალი არსებობს.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში სომხურ-ქართული ურთიერთობების დინამიკურად განვითარებისათვის, რაც ვიზიტებში და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგში გამოიხატა.
პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სრული ურთიერთნდობის საფუძველზე ხორციელდება.
„ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი გააჩნია და ეს ურთიერთობები შეთანხმებების საფუძველზე აღებული ვალდებულებებით ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება ხელს არუშლის და პირიქით, უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის, ურთიერთსასარგებლო პროგრამების განხორციელებისათვის. სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პირიქით, ეს დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვითაც“, – განაცხადა სარგსიანმა.





