ნიკა გვარამია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიგა ბოკერია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] დაიბარეს.
“რა თქმა უნდა, მე მივცემ ყველა ჩვენებას, ვინაიდან მე თავად ვიყავი ამ შეთქმულების მსხვერპლი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა ამის გამო. თუ ვინმეს უნდა სახელმწიფოს გადატრიალება, ის უნდა დაისაჯოს”, – აცხადებს გვარამია.
გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და “ბოევიკების” გამოყენებით. გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მედიააში გავრცელებული ფარული საუბრების წარმომავლობასა და ავთენტურობას დაადგენენ. იზორიას თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უკვე 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იზორიას თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანაშმრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები.