იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გამარტივდა.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, დღეს ბრიფინგი გამართა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ის პირები, რომლებიც უკვე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, სპეციალური ნებართვის გარეშე მიიღებენ ბინადრობის მოწმობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
მისივე თქმით, ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სპეციალური ნებართვისთვის განკუთვნილი მომსახურეობის საფასურისგან, რომელიც 180 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მათ ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ დასჭირდებათ, რაც სხვადასხვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დღეიდან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, ბინადრობის მოწმობის მიღება 10 სამუშაო დღეში შეეძლებათ. ამისათვის საჭიროა, რომ განაცხადი შეიტანონ საქართველოს საკონსულოებში და განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში ისინი უფასოდ მიიღებენ ბინადრობის მოწმობას.
გარდა ამისა, ძალაში შევიდა კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის ხელახალი მიმართვა, 6 თვის ნაცვლად, უკვე 3 თვეში შეეძლება.
აღნიშნული შეღავათი ვრცელდება, ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც უკვე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან, ან შეუწყდათ მოქალაქეობა.