ახალი ამბები

რობერტო ბაჯოს შეიარაღებული მძარცველები თავს დაესხნენ

21 ივნისი, 2024 •
რობერტო ბაჯოს შეიარაღებული მძარცველები თავს დაესხნენ

იუვენტუსისა და მილანის ყოფილ ვარსკვლავს, რობერტო ბაჯოს, შეიარაღებული პირები საკუთარ სახლში  თავს დაესხნენ. ვეტერან სპორტსმენს ჰოსპიტალიზება დასჭირდა.

როგორც BBC წერს, ინციდენტი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა, როცა ბაჯო ოჯახთან ერთად იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირებას უყურებდა ევროპის ჩემპიონატზე.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებული ცნობებით, 57 წლის რობერტო ბაჯოს სახლში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ყოფილი ფეხბურთელი, BBC-ის თქმით, თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მძარცველმა თავში იარაღი ჩაარტყა.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ვეტერანი სპორტსმენი ოჯახთან ერთად ოთახში გამოკეტეს, სანამ მძარცველები მის ვილაში ძვირფასეულობას ეძებდნენ.

ძარცვის შემდეგ ვეტერანი სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შუბლზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები არ მიუღიათ ბაჯოს ოჯახის დანარჩენ წევრებს. ინციდენტის შემდეგ რობერტო ბაჯომ განცხადება გაავრცელა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი