პარლამენტის წინ აქცია იმართება, სახელწოდებით „ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!” რომლის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“.

„20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას

2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა“, — ამბობდნენ ორგანიზატორები აქციის ანონსში.

აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გიორგი ანწუხელიძის ბანერები და დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო სამფეროვანი დროშები.

„დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსული იმპერიალისტურ ზრახვებს ქართული საზოგადოება ყველა ჯერზე შეებრძოლება.

„5 წლის წინ საქართველოში ჩამოიყვანეს კომუნისტი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, მართლმადიდებლობაზე საუბრობდა და პარლამენტში გვეჯდა.

სწორედ მაშინ და ამით გვითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის კოლაბორანტული, მარიონეტული, რუსული რეჟიმის წარმომადგენელი. მაშინ განახლდა ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

საქართველომ გადაიტანა 2008 წელი, გადაიტანა აფხაზეთი, საბჭოთა წითელი ოკუპაცია და რუსული იმპერიალიზმის ტერორი. ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ რამდენჯერაც არ უნდა ეცადოს რუსეთის იმპერია, რომ შემოიტანოს თავისი რუსული იმპერიალიზმი, ეცადოს საქართველოს გარუსებას, მათ ეს არ გამოუვათ და საზოგადოება ყოველთვის უპასუხებს ეროვნული სულისკვეთებით. სწორედ ამიტომ, დღეს ეროვნული სიმბოლიკა მოვიტანეთ“, — ამბობს ცეცხლაძე.

პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით გადაადგილებას აპირებენ გმირთა მოედნისკენ, სადაც ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას გააცნობენ აქციის მონაწილეებს.

თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც იმართება.