საფრანგეთსა და სომხეთს შორის დადებული შეთანხმება საარტილერიო დანადგარების მიწოდების შესახებ ხელს უშლის ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ქმნის წინაპირობას რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“სომხეთის აღჭურვა “ლეტალური და შეტევითი მიზნის” მქონე საარტილერიო დანადგარებით და სხვა ტიპის იარაღით არის “საფრანგეთის პროვოკაციული ქმედებების დასტური სამხრეთ კავკასიაში” ,- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.
“[საფრანგეთის პრეზიდენტის] მაკრონის რეჟიმი, რომელიც ახორციელებს მილიტარიზაციისა და გეოპოლიტიკური ინტრიგების პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს უშლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას”, – ნათქვამია 18 ივნისს დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
საფრანგეთის მიერ სომხეთის გადაიარაღება გახდა “პოლიტიკური უპასუხისმგებლობის” გამოვლინება, რომელიც გზას უხსნის ახალ ომს, ხაზგასმით აღნიშნავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ატარებს რევანშისტულ პოლიტიკას და ემხრობა მაკრონის დიქტატურას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის გამწვავებასა და ომის ახალი კერის გაჩენაზე”, – ნათქვამია განაცხადებაში.
ოფიციალურმა ერევანმა და პარიზმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას “კეისრის” თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე, რის შესახებაც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივნისს განაცხადა. დოკუმენტს ხელი მოეწერა სომხეთის თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის დროს.
