წყალმომარაგების აღდგენას თბილისში შესაძლოა ერთ კვირამდე დრო დასჭირდეს.
ამის შესახებ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან კახა კალაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრის შემდეგ თქვა.
მერიის ინფორმაციით, აღდგენით სამუშაოები მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება, მანამდე წყალი 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება.
„შესაბამისი საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24- საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათასი აბონენტია, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. როგორც აღვნიშნე, 24- სთ-იან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს “, — განაცხადა ბენდელიანმა.
მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.
GWP-ის ცნობით, გრაფიკი ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7-საათიანს.