პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი, რომელსაც ექნება სურვილი — პარტიის საარჩევნო სიაში უნდა დარჩეს.
კობახიძის განცხადებით, ეს მმართველი პარტიის ერთობლივი პოზიციაა:
„დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის არის კომპეტენცია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს სიაში — ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი“ ,— ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ამ სიის პირველი ნომერი, კობახიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებას კონსულტაციების საფუძველზე იღებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები პოლიტსაბჭოში ჯერ არ დაწყებულა:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთია, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიებთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება პოლიტსაბჭოს ფორმატში კოლეგიალურად“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.