სომხეთმა და ბელარუსმა მინსკსა და ერევანში თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს როგორც სომხური, ასევე ბელარუსული მედია.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, სომხეთმა ერევანში დაიბარა მათი ელჩი ბელარუსში. მომხდარს წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში, სადაც სომხეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩავა ბელარუსში, სანამ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია.
თავის მხრივ, ერევნიდან მინსკში გაიწვია საკუთარი ელჩი ბელარუსმაც. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ანატოლი გლაზის თქმით, ვითარებაში გასარკვევად მინსკში გაემგზავრება ბელარუსის ელჩი სომხეთში:
„ყველა თვალს ვადევნებთ, თუ რაოდენ რთული შიდაპოლიტიკური ვითარებაა სომხეთში, თუმცა არ გვესმის, რა კავშირშია ეს ბელარუსთან. ვითვალისწინებთ რა შექმნილ ვითარებას, ჩვენი ელჩი ასევე გამოემგზავრება მინსკში“, — აცხადებს ბელარუსის საგარეო უწყების პრესმდივანი.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბელარუსი, რომელიც ფორმალურად სომხეთის მოკავშირეა, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის მიერ დომინირებული ОДКБ-ს წევრია, აზერბაიჯანს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას აწვდიდა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: POLITICO: ბელარუსი, რომელიც ОДКБ-ში სომხეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მეტ ნათელს ჰფენს სომხეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირაში რუსეთის ირგვლივ შექმნილი ალიანსიდან გასვლა დააანონსა. POLITICO აღნიშნავს, რომ თუ სომხეთი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ეს დაასუსტებს ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ამ თემაზე წაიკითხეთ: „ОДКБ-დან გავალთ. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის“ — ფაშინიანი
გუშინ, 13 ივნისს, სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანმა განაცხადა, რომ მანამ, სანამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა, მინსკში ჩასვლას არ აპირებს:
„ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა ღიად დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა ომის მომზადებაში და მხარს უჭერდა აზერბაიჯანის გამარჯვებას და ამის შემდეგ ბლოკის ფორმატში რაიმე განხილვაში უნდა მივიღო მონაწილეობა? ვაცხადებ, რომ აღარასოდეს ჩავალ ბელარუსში, სანამ ლეკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია და ვაცხადებ, რომ სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ გაემგზავრება“,— თქვა ფაშინიანმა.