საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე მცდარი სურათი შექმნეს და ამერიკა „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩინეს.
მისი თქმით, დეზინფორმაცია და რევიზიონიზმი გამოწვევაა ყველგან, მათ შორის საქართველოში და აშშ-შიც.
ამის შესახებ ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს მეგობრობაზე მცდარი სურათი შექმნეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ ევროინტეგრაციის გზაზე. დეზინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გვესმის, თითქოს ევროკავშირის წევრობა საკუთარი ეროვნული იდენტობის დათმობას ნიშნავს, რაც ტყუილია.
დეზინფორმაცია გვესმის საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, რომ ჩვენ ვცდილობთ რევოლუციის მოწყობას ქვეყანაში. დასანანია ამის მოსმენა, მით უფრო, როცა ჩვენი მეგობრობის ისტორია 32 წელს ითვლის“, – განაცხადა რობინ დანიგანმა [„ფორმულას“ თარგმანი].