სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის შენობაში მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. დაკავების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ.” ,- ავრცელებს განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა.
“ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა – გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმლის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო”, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო. ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (მაშინდელი EMC) იცავდა. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ პროკურატურა მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობას აჭიანურებდა. მოგვიანებით მჭედლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მაინც მიანიჭეს.
თუმცა მასზე, სავარაუდოდ, მოძალადე პოლიციელმა, გიორგი ნოზაძემ თანამდებობა 2021 წლამდე შეინარჩუნა.
2019 წელს ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა, რომელმაც გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ “დაზარალებული მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადაიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა, საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ნოზაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც 5- დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.