აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი დელავერის შტატის სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 11 ივნისს გამოაცხადა.
ჰანტერ ბაიდენს იარაღის შეძენისას შესავსებ ფორმაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე სიცრუეში ადანაშაულებდნენ, რითაც ფედერალური დანაშაული ჩაიდინა.
როგორც CNN წერს, ბრალდების მიხედვით, 2018 წელს ჰანტერ ბაიდენმა დელავერის შტატში მდებარე იარაღის მაღაზიაში რევოლვერი იყიდა და ფედერალური კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას იცრუა, რომ არ იყო ნარკოდამოკიდებული, სინამდვილეში კი ამ პერიოდში კოკაინს მოიხმარდა.
ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, თუ სასჯელის რა ფორმას გამოიყენებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ. CNN წერს, რომ ბრალი, რომელშიც ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს. ითვალისწინებს როგორც ჯარიმას 750,000 დოლარამდე, ასევე 25 წლამდე პატიმრობასაც კი.
ჯერჯერობით მოსამართლეს სასჯელის განსაზღვრის სხდომა არ დაუნიშნავს, თუმცა CNN წერს, რომ, როგორც წესი, ამაზე სასამართლო ვერდიქტის გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში მსჯელობს.
ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლი. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პატივს სცემს მართლმსაჯულების პროცესს და ყველა შედეგს მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამერიკის პირველ პირთან ერთად მამაცაა და ყოველთვის მხარს დაუჭერს შვილს:
„როგორც უკვე განვაცხადე გასულ კვირაში, მივიღებ ყველა შედეგს და გავაგრძელებ მართლმსაჯულების პროცესის პატივისცემას. ჰანტერი განიხილავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მე და ჯილი ყოველთვის ვიქნებით ჰანტერის და ჩვენი ოჯახის გვერდით, ამას ვერაფერი შეცვლის“ ,— ვკითხულობთ ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
