ახალი ამბები

ორბანის პარტიამ კვლავ გაიმარჯვა, თუმცა მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა

10 ივნისი, 2024 •
ორბანის პარტიამ კვლავ გაიმარჯვა, თუმცა მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში უნგრეთის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზე გავიდა, ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მიიღო.

კერძოდ, წინასწარი შედეგებით, ორბანის ულტრანაციონალისტურმა პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირე „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში 44.7%-იანი მხარდაჭერა მიიღეს, რაც პარტიისთვის ყველაზე დაბალია ბოლო 18 წლის განმავლობაში. შედარებისთვის, 2019 წლის ევროპულ არჩევნებში ორბანის პარტიას 51.48%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში „ფიდესმა“ მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ხმების 50%-ზე ნაკლები –  2004 წელს 47,4%.

„საომარ სიტუაციასა და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ არჩევნების შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე ორბანის პარტიის ახალი კონკურენტი, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ტიზა“ გავიდა, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც გაცილებით მეტია სხვა ოპოზიციური პარტიების ჯამურ მაჩვენებელზე.

„ტიზას“ ლიდერი უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ექსქმარი პეტერ მაგიარია,  რომელსაც მედია ვიქტორ ორბანის პარტიაში  საკმაო კავშირების მქონე პირად ასახელებს.

მაგიარი ფართოდ ცნობილი თებერვალში გახდა, როდესაც ორბანის ხელისუფლების მუშაობის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მან ანტალ როგანი, მინისტრი, რომელიც ორბანის ოფისს ხელმძღვანელობს, ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანის მართვაში დაადანაშაულა.

მან ასევე გამოაქვეყნა ყოფილ მეუღლესთან საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ის დეტალურად აღწერს ორბანის კაბინეტის უფროსის თანაშემწის სავარაუდო მცდელობას, ჩარეულიყო კორუფციულ საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრეთის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, მაგიარმა ამომრჩევლები წაახალისა კორუფციისა და ორბანის რეჟიმის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში პირობა დადო, რომ უკან დაიბრუნებს ევროკავშირისგან იმ მილიარდებს, რომლებიც განკუთვნილია უნგრეთისთვის, ბრიუსელმა კი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაყინა.

როგორც Reuters წერს, მაგიარმა შეძლო გამოეყენებინა ამომრჩევლების ფართო იმედგაცრუება უნგრეთის ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს ორბანის 14-წლიანი მმართველობის დროს სათანადო ნდობის მოპოვება.

მაგიარის განცხადებით, ის, რაც ევროპარლამენტის არჩევნებზე მოხდა, ორბანის პოლიტიკური მარცხია.

„ეს შედეგი არის ორბანის ძალაუფლებისთვის ვატერლოო. დასასრულის დასაწყისი“, –  უთხრა მაგიარმა მხარდამჭერებს.

ოპოზიციის აქცია ბუდაპეშტში

ფოტო: . REUTERS/Bernadett Szabo

მასალების გადაბეჭდვის წესი